ქეცბაიამ დინამოს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურში სამგურალმა დინამო თბილისს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ თემურ ქეცბაიასთვის ეს პირველი შეხვედრა იყო დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. შეიძლება ითქვას, რომ თემურმა წარმატებულად დაიწყო - დინამოს ზედიზედ 7 მატჩში არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული, დედაქალაქელებმა 3 ქულა მხოლოდ პირველ ტურში, სპაერთან მოიპოვეს (1:2).
მათე ვაწაძის დუბლს, სამგურალის მხრიდან, 82-ე წუთზე უპასუხა ბრაზილიელმა რაიამ და შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. მიუხედავად ძალიან ცოტა აღებული ქულისა, დინამო მეექვსე ადგილზე იმყოფება (11 ქულა) და მეორეზე მყოფ დილას 2 ქულით ჩამორჩება, ლიდერ იბერიას კი 6-ით.
თემურ ქეცბაიამ დინამო თბილისთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა დინამოში 1987-92 წლებში თამაშობდა. მას დინამოს' მაისურით 104 თამაში აქვს ჩატარებული და 23 გოლი გაიტანა.