Belive

ქართული ფიასკო ევროპა ლიგაზე

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობა, არა მხოლოდ ქართული გუნდებისათვის - არამედ ევროპის სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვისაც იმედგაცრუებით დასრულდა. ევროპის რანგით მეორე ტურნირის პლეი-ოფში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" "ლუდოგორეცთან" ორი შეხვედრის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა. ქართული გუნდების წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, გულშემატკივრების ინტერესის სფეროს, ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართელი ლეგიონერების შედეგიც წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ევროპა ლიგის პლეი-ოფი ლეგიონერებისთვისაც იმედგაცრუებით დასრულდა. "უფა" 1:1 "რეინჯერსი"  ჯემალ ტაბიძის "უფა" საკუთარ მოედანზე "რეინჯერსს" დაუპირისპირდა. პლეი-ოფის პირველი მატჩი, შოტლანდიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი "უფას" ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა. მატჩზე საგრძნობი გავლენა "რეინჯერსის" მიერ გატანილმა სწრაფმა გოლმა იქონია. მართალია რუსული კლუბის ფეხბურთელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ მატჩის ბედის შემობრუნება ვეღარ შეძლეს. ჯემალ ტაბიძე და მისი თანაგუნდელები ევროპა ლიგას დაემშვიდობნენ. "ბორდო" 2:0 "გენტი" ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს "ბორდო" - "გენტის" დაპირისპირება იწვევდა. ბელგიური კლუბის ღირსებას გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე იცავენ. ამ უკანასკნელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთის მანძილზე მოედანზე იმყოფებოდა. ჩაკვეტაძისგან განსხვავებით, ქვილითაია შეხვედრაში 69-ე წუთზე ჩაერთო. სრული მატჩის განმავლობაში "ბორდო" დომინირებდა. ფრანგული კლუბის ფეხბურთელები უკეთ აკონტროლებდნენ ბურთს და გაცილებით მწვავე შეტევებს ახორციელებდნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. "ბორდომ" ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ანგარიშით 2:0 დაამარცხა "გენტი" და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. "კლუჟი 2:3 "დუდელანჟი" თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დუდელანჟმა" ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ლუქსემბურგული კლუბი, რომელიც ევროტურნირებზე არასდროს გამოირჩეოდა წარმატებული თამაშით - ევროპის რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. რამოდენიმე წლის წინ, "კლუჟს" ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევასა და 1/16-ფინალში ასპარეზობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორი შეხვედრის ჯამში ძლევამოსილი მეტოქის 5:2 დამარცხება, ნამდვილად მიუთითებს "დუდელანჟის" ბრძოლისუნარიანობაზე. "დუდელანჟის" ქართველი ლეგიონერი ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა. იმედია უახლოეს მომავალში ვიხილავთ მის ასპარეზობას.  

სხვა სტატიები