Belive

,,პრობლემებთან გამკლავებას მაჩოს იმიჯის მორგებით ვცდილობდი" - ჯუდ ბელინგემი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრა და საკმაოდ ღიად და პირდაპირ ახსენა უამრავი ისეთი პრობლემა, რომლის დასახელებისგან ფეხბურთელები დღესაც იკავებენ თავს და ერთგვარ სტიგმად ითვლება.

მადრიდის რეალისა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა გაამხილა, რომ ბირმინგემში თამაშისას, სოციალურ მედიაში, ყოველდღიურად ეძებდა საკუთარ სახელს იმის გასარკვევად, თუ რას წერდა ხალხი მასზე. ვარსკვლავმა, რომელიც სულ რაღაც 22 წლის ასაკში სპორტის ერთ-ერთ უდიდეს სახედ იქცა, აღიარა, რომ თავდაჯერებული გარეგნობის მიღმა, ხშირად ებრძოდა დაუცველობისა და ზეწოლის შეგრძნებებს.

სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი გზა არსებობს ვინმეზე თავდასხმისთვის. უფრო მარტივია თავი ცუდად გაგრძნობინონ, მაგრამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა.

ვიცი, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც თავს დაუცველად ვგრძნობდი, საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა და ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ვცდილობდი შემენარჩუნებინა მაჩო სპორტსმენის იმიჯი, თითქოს "არავინ მჭირდება". სიმართლე ისაა, რომ მე ასეთი არ ვარ, ისევე როგორც ყველა დანარჩენი. თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, თუ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე ისაუბრებთ.

სპორტსმენებს გვგონია, რომ სამყარო ჩვენს ფეხებთანაა გაშლილი და შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, ბევრი ფული ვიშოვოთ და ეს არასდროს იმოქმედებს ჩვენზე. მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი დაუცველობის ჩვენებას, ეს უფრო ფართო დიალოგს ხსნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩუმად იტანჯებიან. სწორედ ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მისაბაძი მაგალითები.

როდესაც ბირმინგემში ახალგაზრდა მოთამაშე ვიყავი, Twitter-ზე ვწერდი ჩემს სახელს და ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ჩემზე დაიწერა. მერე კი გადავწყვიტე ამისთვის თავი დამენებებინა: რატომ უნდა მიმეღო იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც არ მიცნობენ?

ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობაა: როდესაც ის გაქვს, გრძნობ, რომ ყველაფერს გაუმკლავდები. თუ თავდაჯერება დაგაკლდა, პარადოქსია, რომ მას კარგი თამაშით დაიბრუნებ - ყოველთვის იდეალურად ვერ ითამაშებ და მთავარი აზრი ამის მიხვედრაშია.

მე თავდაჯერებას იმ ფაქტების მიღებით ვინარჩუნებ, რომ ყველა პასს ზუსტად ვერ შევასრულებ, ყველა მოთამაშეს ვერ მოვატყუებ და ყველა თამაშს ვერ მოვიგებ. რაც უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს ამ ხედვაში, მით უფრო მარტივია ცხოვრება იმის ცოდნით, რომ იდეალური არ ხარ. - ჯუდ ბელინგემის ინტერვიუდან

სხვა სტატიები