Belive

პრემიერ ლიგის ცხრილი ბოლო 38 ტურის შედეგებით - სხვა ჩემპიონი 

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ლივერპული დაიქოქა. ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, რაც მერსისაიდული კლუბი პრემიერლიგაში მერვე ადგილზე გასვლითა და ევროპის ლიგაში დაბრუნებით კმაყოფილი იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული (ბოლო ორი სეზონის ფინალისტი) და 12 ტურის შემდეგ პრემიერლიგის წაუგებელი ლიდერია. "ენფილდელმა" ბატონებმა ევროპის ლიგის ფინალშიც ითამაშეს და მიჯრით მეოთხე სეზონის საჩემპიონთალიგო ოთხეულის განუყრელი წევრები არიან. ამ ყველაფრის სათავეში კი იურგენ კლოპი თავისი "გეგენპრესინგით" დგას. გერმანელი სპეციალისტი ევროპული ტრიუმფის შემდეგ, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნანატრი, ისტორიაში პირველი ტრიუმფისკენ თავაწეული მიუძღვება - საწყისი 12 ტურის შემდეგ, "ლივერპულს" 11 მოგება და 1 ფრე, შესაბამისად 34 ქულა აქვს. მთლიანობაში, კლოპის გუნდს ბოლო 26 მატჩია არ წაუგია და აქედან 21 მოიგო. ასეთი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, თუ პრემიერლიგის ჩემპიონს ბოლო 38 ტურის შედეგებით გამოვავლენთ, მაშინ "ლივერპულს" შთამბეჭდავი შედეგები ექნება.

ბოლო 38 შეხვედრიდან "ლივერპულმა" 32 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ერთადერთხელ, ისიც მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა. შესაბამისად, ახლა "ლივერპულს" 101 ქულა ექნებოდა, რაც ყველა დროის რეკორდს ერთით აღემატება (100 - "მანჩესტერ სიტის" 2017/18 წლების სეზონში). მეორე პოზიციაზე კვლავაც მოქმედი ჩემპიონი იქნებოდა, ცვლილება არც მესამე ადგილზე მყოფ ლონდონის "ჩელსის" შეეხებოდა, თანაქალაქელი "არსენალი" კი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირამდე 1 ქულა დააკლდებოდა, მეორე ადგილზე მყოფი სენსაციური "ლესტერი" კი ევროზონის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდებოდა. სეზონის კრიტიკული სტარტის გამო, წინა გათამაშების ოთხეულის წევრის "ტოტენჰემისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზური არ მოიძებნებოდა. რაც შეეხება გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდებას, ლიდერი აქაც "ლივერპული" იქნებოდა, რომელიც საკუთარ კარში ყველაზე ცოტა ბურთს იღებს. ეს განუხორციელებელი თეორიაა. ის კი, რაც პრაქტიკაში სავსებით რეალურად შეიძლება მოხდეს, არც ისე შორსაა. "ლივერპულს" უახლოეს მდევართან 8-ქულიანი ჰანდიკაპი და პირველი პოზიცია აქვს, თუმცა ნურც შარშანდელი სეზონი დაგვავიწყდება, როცა კლოპის გუნდი შობას პირველ ადგილზე, 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, მაისში კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სხვა სტატიები