Belive

პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე - სად არიან ისინი ახლა?

2 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატადაა მიჩნეული. სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავები პრემიერ ლიგის გრანდების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან - გასაკვირი არაა, რომ ელიტაში მოსახვედრად უდიდესი კონკურენციის დაძლევაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგაში მოსახვედრად შანსის მიღებაც კი საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაზე. გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. სად არიან ისინი ახლა?

10. მაიკლ ფორსელი - 17 წელი, 342 დღე

1998 წელს, ფორსელი "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "არისტოკრატების" მაისურით ჩატარებულ მეორე შეხვედრაში ფორსელმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ასოციაციის თასზე გატანილ გოლს, მალევე პრემიერ ლიგაში გატანილი გოლიც მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები ფორსელზე დიდ იმედს ამყარებდნენ, ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და კარიერის დიდი ნაწილი სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით განათხოვრებულმა გაატარა. 2005 წელს, ფორსელი "ბირმინგემს" შეუერთდა. მისი პროფესიონალური კარიერა 2017 წელს დასრულდა.

9. რაჰიმ სტერლინგი - 17 წელი, 317 დღე

"ქპრ"-სა და "ლივერპულის ახალგაზრდული აკადემიების შემდეგ, 2012 წელს, რაჰიმ სტერლინგმა "ლივერპულის" ძირითადი გუნდის მაისური მოირგო და 17 წლის ასაკში პირველი გოლის გატანა შეძლო. სტერლინგი ბრენდან როჯერსის ფავორიტთა შორის მალევე მოხვდა და მერსისაიდული გრანდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება მარტივად მოახერხა, თუმცა მოულოდნელად "ლივერპული" დატოვა და £50 მილიონის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა. პეპ გვარდიოლას მეთაურობით, სტერლინგი ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

8. დენიელ ჯებისონი - 17 წელი, 309 დღე

ახალგაზრდა ფორვარდმა "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" ეფექტური გოლი გაუტანა, თუმცა "შეფილდი" პრემიერ ლიგიდან გავარდნისაგან ვერ იხსნა. ჩემპიონშიპში დაქვეითებული "შეფილდის" რიგებში ჯებისონის ადგილი ვერ მოიძებნა და იგი "ბარტონში" გაანათხოვრეს.

7. ფედერიკო მაჩედა - 17 წელი, 226 დღე

კარიერის განმავლობაში მაჩედას არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. წარმატების პიკში ყოფნა და კატასტროფული იმედგაცრუება - ფერგიუსონის რჩეულმა ბრწყინვალე სტარტი აიღო, თუმცა გულშემატკივრის იმედი ვერ გაამართლა. "ლივერპულთან" არსებულ მედგარ საჩემპიონო ბრძოლაში, მაჩედამ 93-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. მაჩედას გოლის წყალობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ტრიუმფატორი გახდა. დღეს, 30 წლის ფედერიკო მაჩედა ბერძნული "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავს.

6. ენდი ტერნერი - 17 წელი, 166 დღე 

1992 წელს, პრემიერ ლიგის პირველ სეზონსი, ტერნერმა "ტოტენჰემის" გამარჯვებაში მნიშნველოვანი წვლილი შეიტანა. "სპურსის" მაისურით მან 21 შეხვედრის ჩატარება შეძლო, რის შემდეგაც ხშირმა ტრავმებმა ტერნერის კარიერას დაღი დაასვა. დღეს ენდი ტერნერი უელსური კლუბის - "დრუიდსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

5. მაიკლ ოუენი - 17 წელი, 144 დღე

ათეულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1996 წელს, "უიმბლდონთან" გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ, ოუენმა "ლივერპულის" გულშემატკივრები არაერთხელ აღაფრთოვანა. ოუენმა "ლივერპულის" მაისურით 157 გოლის გატანა შეძლო. 2001 წელს, ინგლისელი ვარსკვლავი უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს - ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. "ლივერპული", მადრიდის "რეალი", "ნიუკასლი", "სტოკი" და კლუბი, რომელში გადასვლას "ლივერპულის" ფანები ოუენს დღემდე ვერ პატიობენ - დიახ, ინგლისელმა შემტევმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურიც მოირგო. ტრავმებმა ოუენის ბრწყინვალე კარიერას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო და მისი კარიერა შეიწირა. დღეს იგი  BT Sport-ის სპორტული მიმომხილველია.

4. სესკ ფაბრეგასი - 17 წელი, 114 დღე

2004 წელს, "ბლექბერნის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ფაბრეგასმა სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. "არსენალის" ვარსკვლავს ბრწყინვალე საკლუბო და სანაკრებო კარიერა ჰქონდა, რომლის დროსაც "ბარსელონასა" და "ჩელსის" მაისურებიც მოირგო. 34 წლის სესკ ფაბრეგასი ფრანგული "მონაკოს" ღირსებას იცავს.

3. უეინ რუნი - 16 წელი, 360 დღე

2002 წელს, ჯერ კიდევ ტინეიჯერმა უეინ რუნიმ "ევერტონის" მაისურით გასაოცარი გოლი გაიტანა, რომელსაც ფანები დღემდე აღფრთოვანებაში მოჰყავს. უეინ რუნის ბრწყინვალე მანჩესტერული კარიერის შესახებ ბევრი საუბრით თავს არ მოგაწყენთ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოგებული არაერთი ტიტულის გარდა, რუნი ინგლისის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მეგოლეც გახდა. დღეს, უეინ რუნი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი "დერბის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა კლუბი ჩემპიონშიპიდან არ გავარდეს.

2. ჯეიმს მილნერი - 16 წელი, 356 დღე

2002 წელს, მილნერმა სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. მილნერის ანგარიშზე 20-წლიანი გასაოცარი კარიერაა და იურგენ კლოპის სიტყვებს თუ ვენდობით, ინგლისელი ფეხბურთელი ახლო მომავალში კარიერის დასრულებას არ გეგმავს. მილნერმა ინგლისის პრემიერ ლიგის 600 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დღეს იგი "ლივერპულის" ღირსებას იცავს.

1. ჯეიმს ვოგანი - 16 წელი, 270 დღე

ათეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი. 2005 წელს, "ევერტონის" მაისურით გატანილი გოლის შედეგად, ვოგანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლის გატანა შეძლო. ჯეიმს ვოგანს მომავალ უეინ რუნისაც უწოდებდნენ, თუმცა მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით განვითარდა. ვოგანის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "ტრანმერის" რიგებში დასრულდა. დღეს ვოგანი ამ კლუბის სპორტული დირექტორია.

სხვა სტატიები