Belive

პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია - საქართველოს ნაკრების მეტოქეები U21 ევროპის ჩემპიონატზე

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სამშობლოსა და რუმინეთში გასამართ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ეს ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის ამ ტურნირზე ისტორიული, პირველი გამოსვლა იქნება.

აღნიშნულ პრესტიჟულ გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები A-ჯგუფში მიიღებს მონაწილეობას და პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ტურნირის დაწყებამდე, შევეცდებით ჩვენი მეტოქეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ჯგუფიდან გასვლის საქმეში ჩვენი კონკურენტები უკეთ გაგაცნოთ.


საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე:

საქართველო - პორტუგალია - 21 ივნისი, 20:00 საათი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, დინამო არენა

საქართველო ბელგია - 24 ივნისი, 20:00 საათი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, დინამო არენა

ნიდერლანდები - საქართველო - 27 ივნისი, 20:00 საათი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, დინამო არენა


No description available.

პორტუგალიის ნაკრები

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: მანუელ ფერნანდეში (30)

საუკეთესო ბომბარდირი: უგო ალმეიდა (16)

მთავარი მწვრთნელი: რუი ხორხე

გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე: 9

საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე: ვერცხლის მედალი სამჯერ (1994, 2015, 2021)

პირველი მატჩი: პორტუგალია - სამხრეთ აფრიკა 3:1 (1958 წლის 16 ნოემბერი, ლისაბონი, პორტუგალია)

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: პორტუგალია - ლიხტენშტეინი - 11:0 (2021 წლის 7 ოქტომბერი, ვიზელა, პორტუგალია)

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: იტალია - პორტუგალია 6:0 (პიაჩენცა, იტალია, 1987 წლის 2 დეკემბერი)

პორტუგალიის 21-წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1976 წელს უეფას ახალგაზრდული ტურნირის დროს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობას იღებს, თუმცა კონტინენტური პირველობის 8 მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, სამაგიეროდ, სადებიუტო გამოსვლისას, 1994 წელს, საფრანგეთში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა, რაც კიდევ ორჯერ 2015 და 2021 წლებში შეძლო.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონ გუნდს 2004 წელს, გერმანიაში გამართულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

2006 წელს ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიამ თავად უმასპინძლა, მაგრამ ჯგუფური ეტაპიდან წინსვლა ვერ მოახერხა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი რუი ხორხე გახლავთ, პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებს 2010 წლის შემდეგ მუშაობს და 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლების მოპოვებაც მოახერხა.

რაც შეეხება შემადგენლობას, პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობას, გუნდი უმეტესად შიდა ჩემპიონატის წარმომადგენელი კლუბების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელშიც "პორტუსა" და "ბენფიკას" მოთამაშეები ჭარბობენ, ასევე გუნდს ლა ლიგის, პრემიერ ლიგისა და ლიგა 1-ის ფეხბურთელებიც წარმოადგენენ, ლიდერებს შორის კი გუნდის კაპიტანი, ლონდონის "არსენალის" წევრი, ფაბიო ვიეირა, "ვულვზის" შემტევები პედრო ნეტუ და ფაბიო სილვა არიან.



ბელგიის ნაკრები

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ჟან ფრანსის გილე (36)

საუკეთესო ბომბარდირი: ლუის ოპენდა (13)

მთავარი მწვრთნელი: იაკი მატისენი

გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე: 3 (პირველად 2002 წელი)

საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე: მესამე ადგილი - 2007 წელს

პირველი მატჩი: საფრანგეთი - ბელგია - 1:1 (1976 წლის 3 სექტემბერი, ამიენი, საფრანგეთი)

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ბელგია - ლუქსემბურგი - 8:0 (2007 წლის 3 ივნისი, მეხელენი, ბელგია)

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: ჩეხეთი - ბელგია - 7:0 (2001 წლის 14 აპრილი, პრაღა, ჩეხეთი)

ბელგიის ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის. 21-წლამდელთა კონტინენტის ყველაზე ძლიერ ტურნირზე ბელგიის ნაკრებს დებიუტი 21-ე საუკუნეში ჰქონდა და ამის გაკეთება 2002 წელს, შვეიცარიაში გამართულ ტურნირზე შეძლო, სადაც ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა.

ბელგიელებს საუკეთესო შედეგი 2007 წელს ჰქონდათ, როცა გუნდმა ნიდერლანდებში ნახევარფინალამდე მიაღწია, რაც გასაკვირი არაა, რადგანაც მაშინ ქვეყნის ისტორიაში ოქროს თაობად მონათლულმა ფეხბურთელებმა, რომლებმაც მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მაღალ დონეზე გამოსვლა სწორედ ამ ტურნირზე დაიწყეს, მათ შორის აქსელ ვიტსელმა, იან ვერტონგენმა და მარუან ფელაინიმ.

ბელგიის ნაკრები საქართველოში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის, რომლის ლიდერიც "მილანის" ნახევარმცველი, შარლს დე კეტელაერი იქნება.



ნიდერლანდების ნაკრები

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: არნოლდ ბრუგინკი, ლეროი ფერი (31)

საუკეთესო ბომბარდირი: კლას იან ჰუნტელაარი (18)

მთავარი მწვრთნელი: ერვინ ვან დერ ლოი

გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე: 6 (პირველად 1988 წელს)

საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე: ჩემპიონი ორჯერ (2006, 2007)

ნიდერლანდების 21-წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1976 წლიდან საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის წლებში ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრები ხშირად ვერ ხვდებოდა, დღესდღეობით ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბად ჩამოყალიბდა. ნიდერლანდელებმა ზედიზედ ორი ტურნირის მოგება მოახერხეს, ეს მათ 2006 და 2007 წლებში, საშინაო კედლებში მოახერხეს, შედეგად კი 2008 წლის ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა უფლება მოიპოვეს და მეოთხედფინალურ ეტაპამდეც მიაღწიეს.

ნიდერლანდების ნაკრებზე მეტი ტიტული ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 27 გათამაშებიდან მხოლოდ და მხოლოდ 4 ნაკრებს აქვს, გერმანიას, საბჭოთა კავშირს (3-3), იტალიას და გერმანიას (5-5).

ერვინ ვან დერ ლოის გუნდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის, რომლის წევრი ფეხბურთელებიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებისა და კლუბებს წარმოადგენენ, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი რაიან გრავენბერხი, ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველი იან მაატსენი, როტერდამის "ფეიენოორდის" ერთ-ერთი ლიდერი, კვენტინ ტიმბერი, ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალური თავდამსხმელი, ბრაიან ბრობი და სხვები არიან.


No description available.

სხვა სტატიები