Belive

ფუტსალი: ყველაფერი, რაც ევროპის ჩემპიონატის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს. ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება, სადაც ევროპის 55 ნაკრებიდან 16 საუკეთესო, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც (უკვე) გაემგზავრება. 12 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები კი D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდები ეყოლება. ჯგუფური ეტაპიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფში გადაინაცვლებს, სადაც გამოსვლას მეოთხედფინალიდან დაიწყებენ, ამრიგად საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად სულ მცირე ორი მეტოქის დაჯაბვნა სჭირდება.

მეტოქეები

ესპანეთის ნაკრები ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ფუტსალის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი, მრავალწლიანი ტრადიციის მქონე და წარმატების ხანგრძლივი ისტორიით გამორჩეული გუნდია. 7-ჯერ მოგებულ ევროპის ჩემპიონატს მსოფლიოს ორი თასიც ემატება, რა მაჩვენებლითაც, კონტინენტის მასშტაბით საუკეთესონი არიან, ხოლო პლანეტაზე მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებს ჩამორჩებიან, რომელთაც, დიდი ფეხბურთის მსგავსად მუნდიალი აქაც 5-ჯერ აქვთ მოგებული. საინტერესოა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში სულ 11-ჯერ ჩატარდა, აქედან 9 გათამაშების ფინალში კი ესპანეთის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო (7:2), მათ შორის ბოლოს, 2018 წელს, სლოვენიაში გამართულ ტურნირზეც, რომლის გადამწყვეტ შეხვედრაშიც მეზობელ პორტუგალიასთან, დამატებულ ტაიმებში, - 2:3 დამარცხდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემდეგ, ესპანელებს ყველაზე მეტი - 5 ფინალი აქვთ ნათამაშები (2:3), მათ ეს ბოლოს 2012 წელს, ტაილანდში შემდგარ ტურნირზე გააკეთეს. ესპანეთის ნაკრები 1791 ქულით, მსოფლიოსა და ევროპის რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანის ნაკრები განსხვავებით დიდი ფეხბურთისგან, აზერბაიჯანს ფუტსალში საკმაოდ წარმატებული ნაკრები ჰყავს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანგარიშგასაწევი ძალაა. აზერბაიჯანლუმა ფუტსალმა პროგრესი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, რაც 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაში და მეოთხედფინალში გასვლაშიც კი აისახა. 2010 წელს, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, აზერბაიჯანმა მეოთხე ადგილი დაიკავა, თანაც ეს ტურნირზე სადებიუტო გამოსვლა იყო, მას მერე კი ჩვენმა მეზობლებმა მიჯრით 4 ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა, ბოლო ორში კი საერთოდ, მეოთხედფინალში გავიდნენ. აზერბაიჯანის ნაკრები ფუტსალის მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპაში მერვე ადგილზეა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები ბოსნიისა და ჰერვეგოვინის ნაკრები საქართველოსთვის ამ ჯგუფში შედარებით ყველაზე მარტივი მეტოქეა და 3 ქულის მოპოვებას ჩვენი გუნდისგან პირველ რიგში სწორედ ბოსნიელებთან უნდა ველოდოთ. საქართველოს ნაკრების მსგავსად, ბოსნიაც დიდი ტურნირების დებიუტანტია და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. ბოსნიელებს, რომელთაც აქამდე არცერთ დიდი ტურნირზე არ უთამაშიათ, მსოფლიოს რეიტინგში - 28-ე, ხოლო ევროპაში მე-18 პოზიცია უკავიათ.
კალენდარი
  1. საქართველო - აზერბაიჯანი 22 იანვარი, 17:30 საათი მარტინიპლაზას დარბაზი, გრონინგემი, ნიდერლანდები
  2. ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო 26 იანვარი, 20:30 საათი, მარტინიპლაზას დარბაზი, გრონინგემი, ნიდერლანდები
  3. საქართველო - ესპანეთი 29 იანვარი, 20:30 საათი, მარტინიპლაზას დარბაზი, გრონინგემი, ნიდერლანდები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი) მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.  

სხვა სტატიები