პენალტები | რეკორდები, ისტორია და სხვ.
2024 წლის 15 აგვისტომ საფეხბურთო მეხსიერებაში დიდხანს დაიდო ბინა: "აიაქსმა" და "პანათინაიკოსმა", უეფა-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი 34-დარტყმიანი პენალტების სერია ითამაშეს.
შეხვედრა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩატარდა. 2-მატჩიანი დუელი ანგარიშით 1:1 დასრულდა და გამარჯვებული 11-მეტრიან სერიაში უნდა გამოვლენილიყო. სცენარი არასტანდარტულად განვითარდა: გამარჯვებულის ვინაობის გარკვევას 28 წუთი დასჭირდა.
უეფა-ს ტურნირებზე, ხანგრძლივი პენალტები არაერთხელ გვინახავს. მანამდე, რეკორდი 2007 წლის U21 ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამყარდა. ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელებმა 32 დარტყმა შეასრულეს და გამარჯვება ამ უკანასკნელს ერგო (13-12).
ისტორია
ფიფა-მ 11-მეტრიანი სისტემა 1970 წლის 27 ივნისს დანერგა. ორი წლით ადრე, ისრაელის ნაკრები 1968 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობდა და ტურნირს, მეოთხედფინალიდან, წილისყრის შედეგად გამოეთიშა - პენალტების დანერგვამდე, გამარჯვებულის ვინაობას სწორედ ამ ფორმით ავლენდნენ. ამის შემდეგ, ისრაელის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფა-ს 11-მეტრიანი სერიის ინიციატივა წარუდგინა და ახალი სისტემა ფეხბურთში მალევე დაინტეგრირდა.
პირველი 11-მეტრიანი სერია
პლეი-ოფის სისტემაში, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების დახმარება 1970 წლის 30 სექტემბერს გახდა საჭირო - თასების თასზე, "ბუდაპეშტ ჰონვედმა" "აბერდინი" პენალტებში ანგარიშით 5-4 დაამარცხა.
იმავე წლის ნოემბერში, ჩემპიონთა თასზე, "ევერტონმა" "მიუნხენგლადბახის ბორუსია" პენალტების სერიაში (4-3) დაამარცხა.
გამორჩეული შემთხვევები
• ყველაზე ხანგრძლივი 11-მეტრიანი სერია უეფა-ს ტურნირებზე: 2024/25 წლების სეზონი, "აიაქსი" vs. "პანათინაიკოსი", 34 დარტყმა;
• ყველაზე შედეგიანი 11-მეტრიანი სერია: 2023/24 წლების სეზონი, "გზირა იუნაიტედი" vs. "გლენტორანი", კონფერენს ლიგის პირველი საკფალიფიკაციო ეტაპი. 27 შედეგიანი დარტყმა (14-13); მას მოჰყვება სკონტო" vs. "ოლიმპია ლუბლიანა" (11-10, 1993/94 ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი) და "ვილიარეალი" vs. "მანჩესტერ იუნაიტედი" (11-10, 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი);
• ყველაზე არაშედეგიანი: 1986 წლის ევროპის თასის ფინალში, ბუქარესტის "სტიაუას" მეკარეს, ჰელმუტ დუკადამს, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა 11-მეტრიანი ვერ გაუტანეს. 11-მეტრიანი სერია ანგარიშით 2-0 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატი
1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ტურნირის ტრიუმფატორი 11-მეტრიანმა სერიამ გამოავლინა. სწორედ ამ მატჩში გაუტანა დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ანტონინ პანენკამ ის ლეგენდარული პენალტი, რომელმაც 11-მეტრიანის ახალი სტილით შესრულებას დაუდო სათავე.