პარაგვაის მეკარე: "მბაპემ რომ ხელი არ ჩამომართვა, ძალიან გავბრაზდი"
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა.
ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.
მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ორივე გუნდის მხრიდან ძალიან დიდი ემოციები იყო. პარაგვაის ნაკრების მეკარემ - ორლანდო ხილმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრის საფინალო სასტვენის შემდეგ კილიან მბაპესთან მიახლოება და გამარჯვების მილოცვა სურდა, თუმცა ფრანგი ვარსკვლავისგან სრული იგნორირება მიიღო.
„მატჩის შემდეგ მასთან მივედი, ხელი გავუწოდე, რომ გამარჯვება მიმელოცა, მაგრამ მას ზედ არ შემოუხედავს და დროც კი არ დამითმო.
სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე დავწყნარდი. მე უბრალოდ მინდოდა მისთვის მიმელოცა. საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მთავარი ფავორიტია და მათ წარმატებას ვუსურვებ..." - ორლანდო ხილი
“Yo le pasé la mano felicitándolo pero NO ME DIO BOLA. Entré en un momento de calentura pero después ya me tranquilicé.
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) July 5, 2026
Nada más quería felicitarlo. FRANCIA ES LA CANDIDATA A CAMPEONA DEL MUNDO”.
Las palabras de Orlando Gill. 🗣️🇵🇾 https://t.co/TTaDQIUubZ pic.twitter.com/9NkPxH8LvH
სოციალურ ქსელებში აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია მბაპეს ასეთი რეაქცია (არადა რთული მისახვედრი საერთოდ არ უნდა იყოს). ფრანგების ლიდერმა ემოციურ ფონზე უბრალოდ ვერ შეამჩნია მეტოქის ჟესტი, თუ ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იყო.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პარაგვაელები მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე უკიდურესად უხეშად, ხშირად კი აგრესიულად იქცეოდნენ და ფრანგებზე პირდაპირ ფიზიკურად ძალადობდნენ, სრულიად ლოგიკურია, რომ მბაპეს მეტოქის მიმართ ყოველგვარი პატივისცემის გამოხატვის სურვილი დაკარგული ჰქონდა.
საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.
1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება - მატჩი 10 ივლისს გაიმართება.