Belive

პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმში გადადის - ქომაგები ტრანსფერს აპროტესტებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "დინამო ბათუმმა" პოზნანის "ლეხთან" სტუმრად - 0:5 წააგო და შემდეგი ეტაპზე გასვლის შანსები მიზერულამდე დაიყვანა. მძიმე მარცხის შემდეგ, ქართულ მედიაში, კონკრეტულად საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა ვინგერს, პაატა ღუდუშაურს იმატებს. აღნიშნული ცნობა Live.ge-ს სანდო წყარომაც დაუდასტურა.
მოგვიანებით, 90 წუთის განახლებული ცნობებით, გაირკვა რომ "დინამო ბათუმი" გორის "დილას" ამ ტრანსფერის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას, 100 000 ლარს გადაუხდის, რაც ეროვნული ლიგისთვის არც თუ ისე ხშირი მოვლენაა.
თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციებს აჭარული კლუბის გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. "დინამო ბათუმის" ფან-კლუბის, შავი ზღვის პირატების ოფიციალურ გვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა.
"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის. ასევე გუშინდელ „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განცხადებას. შავი ზღვის პირატები", - წერს ბათუმელი ქომაგების გვერდი.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 19 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“  რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის პაატა ღუდუშაური პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით მათ ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ. თუმცა, მოგვიანებით, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებით პაატა ღუდუშაურს სამუდამო დისკვალიფიკაცია 1-წლიანით შეეცვალა და 2020 წლის 1 ივლისიდან კონტრაქტი გორის "დილასთან" გააფორმა.


შიდა ქართლური კლუბის მაისურით 25 წლის ფეხბურთელმა 55 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. საპასუხო შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და პოზნანის "ლეხს" შორის 28 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. განახლება: ინფორმაციას პაატა ღუდუშაურის გორის "დილადან" "დინამო ბათუმში" გადასვლის შესახებ სატრანსფერო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პრესტიჟული გამოცემა Transfermarkt-იც ადასტურებს.

სხვა სტატიები