Belive

ოთარ კაკაბაძე: "საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
თითქმის ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ოთარ კაკაბაძემ ვარჯიში განაახლა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ბოლოს ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რომლის 39-ე წუთზეც ტრავმის მიზეზით შეცვალეს. 24 წლის ქართველ ფეხბურთელს 2020 წლიდან ახალი გამოწვევები ელოდება. მისი "ლუცერნი" ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში სათამაშო ფორმას აუმჯობესებს, წინ კი ერთა ლიგის დასკვნითი, საპასუხისმგებლო ეტაპია. ამ და სხვა თემების შესახებ კაკაბაძემ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მოიშუშე თუ არა სრულიად ტრავმა და როდის შეძლებ მოედანზე დაბრუნებას? ბედნიერი ვარ ვარჯიშის განახლებით. სულ ცოტა ხნის წინ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშე. ზუსტად ვერ გეტყვით მოვახერხებ თუ არა კვირას გასამართ შეხვედრაში თამაშს, თუმცა შემდეგ მატჩებში სათამაშოდ უკვე სრულფასოვნად მზად ვიქნები. შვეიცარიაში თითქმის ორი წელიწადი: როგორ შეაფასებ განვლილ პერიოდს და არსებულ მდგომარეობას? შვეიცარიაში ყველა ის პირობა იდეალურ დონეზეა, რომლის გამოც აქ გადმოსვლა გადავწყვიტე. ეს ლიგა მშვენიერი ტრამპლინია გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში მოსახვედრად. უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ ამ პერიოდიდან საერთო ჯამში თითქმის 6 თვე ტრავმის მიზეზით გამიცდა, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ყველაფერი წინაა. პირველ ეტაპზე, ადაპტაცია არ გაგიჭირდებოდა, გუნდში თანამემამულე ვაკო გვილია დაგხვდა. მე და ვაკოს ერთად 6 თვე ყოფნა მოგვიწია. ამ დროში ადაპტაცია მარტივად გავიარე - გვილია ისე დამხვდა არაფერი გამჭირვებია და წინაღობა არ შემქმნია. მის გარდა გუნდში ბევრი მეგობრული ფეხბურთელია და შესაბამისად, გასაოცრად კარგი ატმოსფეროც.
No description available.
საქართველოდან წასვლის შემდეგ, სამ სხვადასხვა ლიგაში ითამაშე. რა განსხვავებაა ესპანურ, დანიურ და შვეიცარიულ ფეხბურთს შორის? დანიის და შვეიცარიის ჩემპიონატებში უმეტესად მსგავსი მოთხოვნები აქვთ და იქ მოთამაშე ფეხბურთელებიც ერთნაირ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ახლოსაა სათამაშო სტილიც. რაც შეეხება ესპანეთს, იქ განსხვავებული გარემოა და დროის უდიდესი ნაწილი ტაქტიკურ და თეორიულ სწავლებას ეთმობა. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ შვეიცარიაში თამაში დანიაზე უკეთესია, ესპანეთს კი იმ კრიტერიუმით ვამჯობინებ, რომ აქ რანგით ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ვთამაშობ, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზამთარში კლუბის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრია? სამწუხაროდ, ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ველოდი, ამიტომაც კონცენტრირებული მთლიანად გამოჯანმრთელებაზე ვიყავი. შესაბამისად, ტრანსფერზე ყურადღება ნამდვილად არ გამიმახვილებია. ახალი წელი და ახალი მწვრთნელი, როგორია მასთან მუშაობის პროცესი? ახალი წელი მართლაც კარგად დავიწყეთ. პირადად მე უფრო მეტად ინდივიდუალურად მუშაობა მიწევდა, თუმცა მწვრთნელთან რა შეხებაც მქონდა, აღმოვაჩინე, რომ საინტერესო სპეციალისტია. მისი სათამაშო ფილოსოფია უფრო მეტად ბურთის დაჭერას და მოკლე პასებით გადაადგილებას გულისხმობს. ფეხბურთელის კარიერის განმავლობაშიც საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშია ("მარსელი", "ხეტაფე", "ლევანტე"). ზედიზედ სამი მოგება და მიახლოება ევროზონასთან, გუნდმა საკუთარი ძალების ირწმუნა, როგორია მიზანი სეზონის დარჩენილ პერიოდში? ჩვენი მიზანი ევროზონაში მოხვედრაა. თუ თამაშს ისე გავაგრძელებთ, როგორც ბოლო პერიოდში, მიზნის მიღწევის რეალური შანსი გვექნება. თანაც, მატჩების ნახევარი ჯერ კიდევ წინაა. "დინამო თბილისიდან" წასვლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, რას ფიქრობ ეროვნული ლიგის დონეზე და მოლოდინი გაქვს ზაფხულში ქართული გუნდებისგან? საქართველოს ჩემპიონატს თვალს ვადევნებ და განსაკუთრებით "დინამო თბილისს" ვგულშემატკივრობ. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქართულ გუნდს სულ მცირე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილავ. ჩემპიონატი ნელ ტემპში, თუმცა მთლიანობაში წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ინტერნეტში ეროვნული ლიგის ყველა მატჩის ყურება შესაძლებელია.
No description available.
ახლოვდება მარტი და ერთა ლიგის დასკვნითი ეტაპი. როგორია განწყობა და მოლოდინი? როგორც გულშემატკივარი, ისე მთლიანად საფეხბურთო სამყარო და სრულად საქართველო მარტს ელოდება. ყველა ფეხბურთელისთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. საშინაო კედლებში ვთამაშობთ, რაც უპირატესობაა და ყველაფერი ჩვენს ხელშია... საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს! ინდივიდუალური კარიერა და სამომავლო ცვლილებები. შვეიცარიაში დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ - მიზნები გაცილებით დიდია, დანარჩენს დრო გვაჩვენებს...

სხვა სტატიები