საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია.
33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც 2020 წლის ზამთრის შემდეგ უკლუბოდ იყო და "რკინიგზელების" შემადგენლობაში ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა, თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი თბილისელთა შემადგენლობაში 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.
"ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - კაშიას სიტყვებს კლუბის ოფიციალური გვერდი ციტირებს.
"ჯვაროსნების" რიგებში 81 მატჩის ჩამტარებელი და 2 გოლის გამტანი ფეხბურთელი 2010-18 წლებში არნემის "ვიტესში" თამაშობდა, გუნდის კაპიტანი და თილისმა გახლდათ და სწორედ მისი მეთაურობით მოიგო კლუბმა ისტორიაში ერთადერთი ტიტული - ნიდერლანდების თასი 2017 წელს. 2018-20 წლებში კაშია ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, MLS-ის ბინადარ "სან ხოსეში" გამოდიოდა.