Belive

ოლივიე ჟირუმ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის შედეგი გააუმჯობესა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრა ოლივიე ჟირუსათვის გამორჩეული გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, საფრანგეთმა, პირველი საშინაო მატჩი "სტად დე ფრანსზე" გამართა. საფრანგეთი - ჰოლანდიის დაპირისპირება მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა (2:1). ნარინჯისფერთა კარი კილიან მბაპემ აიღო. მეორე ტაიმში რაიან ბაბელმა შეძლო წონასწორობის აღდგენა, თუმცა რამდენიმე წუთში ოლივიე ჟირუმ კვლავ დააწინაურა საფრანგეთი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰოლანდიის კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა ოლივიე ჟირუსათვის გამორჩეული. იასპერ სილესენის კარის აღების შემდეგ, ჟირუს საფრანგეთის ნაკრების მაისურით გატანილი 32 გოლი დაუგროვდა, რითიც ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს გადაასწრო (31). ყველა დროის, ყველაზე შედეგიანი ფრანგი ფეხბურთელის წოდებას კი კვლავ ტიერი ანრი ატარებს (51). ამასთანავე, ოლივიე ჟირუ გახდა მე-3 ფრანგი ფორვარდი, რომელმაც მონაწილეობა ნაკრების ყველაზე მეტ შეხვედრაში მიიღო. ამ კომპონენტში, პირველობას კვლავ არ თმობს ტიერი ანრი, რომელმაც საფრანგეთის მაისური 123 შეხვედრაში მოირგო. მეორე პოზიციას, 92 მატჩით, სილვიან ვილტორდი იკავებს. ოლივიე ჟირუმ კი ნაკრებში ჩატარებული 83 შეხვედრა დააგროვა.

სხვა სტატიები