Belive

ოფიციალურად | სერხიო რამოსი სევილიაში დაბრუნდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

37 წლის ლეგენდარული ესპანელი მცველი - სერხიო რამოსი, კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. სერხიო რამოსისთვის ეს ის კლუბია, საიდანაც მისი დიდებული კარიერა დაიწყო. 

ინფორმაცია ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა - ფაბრიციო რომანომ დაადასტურა და სოციალურ ქსელში გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე წუთის წინ 37 წლის ესპანელი მცველი სევილიაში ჩაფრინდა. 

სერხიო რამოსი 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კლუბში 2024 წლის ივნისის ჩათვლით დარჩება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა ექნება. 

ანდალუსიურ კლუბში დაბრუნდების შემდეგ, სერხიო რამოსმა პირველი კომენტარი გააკეთა. 

"ეს ყველაფერი მამაჩემის, ბაბუაჩემის და ანტონიო პუერტას გამო გავაკეთე. მე სახლში დავბრუნდი, იმ სახლში, რომელმაც ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა და აღმზარდა ისეთი სასახელო ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ.

მამაჩემსა და ბაბუაჩემს ყოველთვის სურდათ, რომ კარიერის ბოლოს მაინც დავბრუნებულიყავი სევილიაში, არ შემეძლო ეს არ ამესრულებინა.

მე დავრბუნდი ჩემს სახლში, საიდანაც ფეხი ავიდგი და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ..." - სერხიო რამოსი

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი 'სევილიაში" 2003-2005 წლებში თამაშობდა, იგი პოზიციით მარჯვენა მცველი იყო, თუმცა 2005 წელს, მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ იგი ცენტრალურ მცველად თამაშობდა. 

რამოსმა 2021 წელს "სამეფო კლუბი" დატოვა და კარიერა პარიზულ გრანდში "პსჟ"-ში გააგრძელა, სადაც 39 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. 

სხვა სტატიები