ოფიციალურად: ენცო მარესკა მანჩესტერ სიტის ახალი მწვრთნელია
ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თვეა ბრიტანულ მედიაში ვრცელდება, უკვე ოფიციალურად დადასტურდა: ენცო მარესკა მანცესტერ სიტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
იტალიელი სპეციალისტი მანჩესტერ სიტიში უკვე მესამედ დაბრუნდა, აქამდე ის ჯერ 23-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, მოგვიანებით პეპ გვარდიოლას ასისტენტად, ხოლო ახლა მის მემკვიდრედ დაინიშნა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
"მანჩესტერ სიტი ჩემთვის ძალიან ნაცნობი კლუბია. ამ გუნდის გაძღოლა ჩემთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. სიტი საოცრად კარგად მართული საფეხბურთო კლუბია. ყველაფერი, რასაც აქ აკეთებენ, არის ინოვაციური, დაგეგმილი და მიზანმიმართული. მწვრთნელისთვის ეს საოცნებო გარემოა, რადგან მიქმნის სტაბილურობას, რომელიც ჩემი საქმის ეფექტურად შესასრულებლად მჭირდება.
ეს ჩემი მესამე მოსვლაა აქ. ვიცნობ კლუბს, ვიცი მოთხოვნები და მოლოდინები. აქ მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ ადგილს ასე განსაკუთრებულს ხდის. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩემი შესაძლებლობებისადმი გამოცხადებული ნდობისთვის. მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან მუშაობის დაწყებას. მინდა, რომ ვიგებდეთ, ვთამაშობდეთ ლამაზ ფეხბურთს და ვისიამოვნოთ იმ წნეხით, რაც მანჩესტერ სიტის წარმოდგენას ახლავს თან", - ამბობს ენცო მარესკა.
46 წლის სპეციალისტი ლონდონის ჩელსის უახლოეს წარსულში წარმატებული მწვრთნელი გახლდათ, რადგანაც კონფერენს ლიგა მოიგო, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში ტრიუმფი იზეიმა. "არისტოკრატებმა" იტალიელი მწვრთნელი, რომელიც სიტიში პეპის ასისტენტადაც მუშაობდა, 2026 წლის ზამთარში დაითხოვეს.
10 წლის განმავლობაში "ქალაქელებს" პეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობდათ, რომელმაც გუნდთან ერთად 20 ტიტული მოიგო, მათ შორის 6-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა და 2023 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგა.
Welcome back, Enzo 🩵
— Manchester City (@ManCity) June 29, 2026
🔗 https://t.co/7BpGdG82na pic.twitter.com/2RfmNA7qMj