ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების პირველი ვარჯიში გამოტოვა
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) განცხადებით, ოთხშაბათს ნეიმარს ეროვნულ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. ამის მიზეზი კი დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებია. ფეხბურთელს მარჯვენა წვივის ტრავმა 17 მაისის შემდეგ აწუხებს.
ESPN Brasil-ის ცნობით, კლინიკაში ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი, როდრიგო ლასმარი ახლდა, სადაც ფეხბურთელს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ტესტების პასუხების მოლოდინში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეიმარმა კვირას, პანამასთან, ბრაზილიის ნაკრების პირველ ამხანაგურ მატჩში ითამაშოს, თუმცა, არსებობს შანსი, რომ ნაკრებს 7 ივნისს, ეგვიპტესთან შეხვედრაში დაეხმაროს.
ნეიმარის გარდა, პირველი ვარჯიში გამოტოვა დანილომაც, რომელმაც სამშაბათს კოპა ლიბერტადორესზე ითამაშა.
26-კაციან შემადგენლობას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები - მარკინიოსი, გაბრიელ მაგალაესი და გაბრიელ მარტინელი შეავსებენ, ისინი გუნდს ფინალის შემდეგ შეუერთდებიან.
ფიფა ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლის უფლებას, ქვეყნის ფედერაციის მიერ ჯანმრთელობის პრობლემის ოფიციალურად დადასტურების საფუძველზე, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე იძლევა.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ანჩელოტის გუნდი პირველ შეხვედრას 13 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.