Belive

ნეაპოლური გამოცემა: "კვარამ საცხოვრებელი შეიცვალა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნეაპოლური გამოცემა areanapoli.it-ი საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა, მან საცხოვრებელი შეიცვალა.

"კვარაცხელია უდავოდ იტალიური და შესაძლოა ევროპული ფეხბურთის ყველაზე დიდი სიურპრიზია. გასულ ზაფხულს "ნაპოლიში" ჩასული, როგორც სრულიად უცხო ადამიანი, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი და ხარისხიანი მოთამაშე ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში. მისი გავლენა იტალიურ ფეხბურთზე დამანგრეველი იყო პირველივე მატჩის შემდეგ. ქართველს ნეაპოლიტანურ კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც შესაძლოა მალე 2028 წლამდე გაგრძელდეს.

კვარა შესანიშნავი პროფესიონალია, მოედნის მიღმა ძალიან სერიოზული და თავშეკავებული ბიჭია. იგი გარშემორტყმულია შეყვარებულისა და დედის სიყვარულით, ნეაპოლი მისთვის ახალი სამყაროა რუსეთისა და საქართველოს უფრო ცივ პეიზაჟებთან შედარებით. ფეხბურთელს უყვარს "ნაპოლი" და მისი გულშემატკივრები.

მცირე ხნის წინ ის იყო უბედური შემთხვევის გმირი, ქურდობა საკუთარ სახლში, კუმაში, ნეაპოლის მახლობლად. ქურდებმა მისი მანქანა, MINI Countryman-ი მოიპარეს. ქართველმა ტალანტმა საჩივარი შეიტანა პოზუოლის პოლიციის განყოფილებაში და გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს ბინა, რადგან ის არც თუ ისე უსაფრთხოდ ითვლებოდა. თავდაპირველად ის ნეაპოლის ცენტრში მდებარე სასტუმროში გადავიდა, მაგრამ ახლა ახალი სახლი აქვს.

სად ცხოვრობს კვარაცხელია ნეაპოლში? AreaNapoli.it-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი რამდენიმე ხანია ვია ტასოში 24-საათიანი დაცვით, პარკინგით და სხვა კომფორტით აღჭურვილ პარკში ცხოვრობს. მისი სახლიდან ასევე შეგიძლიათ დატკბეთ ნეაპოლის ყურის ულამაზესი ხედით", - წერს ნეაპოლური გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

“ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, 65 ქულით, უახლოეს მდევარ მილანის “ინტერთან” 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. გუნდს შემდეგი მატჩი სერია A-ს 26-ე ტურის ეგიდით, 11 მარტს აქვს ჩასატარებელი. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები