Belive

ნაპოლის პრეზიდენტი: "ხვიჩას ჩვენთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვს და მას ახალი შეთანხმება არ სჭირდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. ლაურენტისი საქართველოს ნაკრების და მისი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხს, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას და "მილანთან" მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო.

ნეაპოლური გუნდის მთავარი მენეჯერის თქმით, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის კონტრაქტთან დაკავშირებით მედია ზედმეტად ბევრს საუბრობს, ხოლო ნიგერიელი თავდამსხმელი სულ მცირე ორ კვირას გამოტოვებს. ამავე დროს, აურელიო დე ლაურენტისმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციაც გააკრიტიკა.

"ხვიჩას ჩვენთან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მას ახალი შეთანხმება არ სჭირდება. ჟურნალისტებს ყოველთვის სურთ ისაუბრონ ვულგარულ რაღაცებზე, როგორიცაა ფული და არა სპორტულ საკითხებზე

იმედი გვაქვს, რომ ოსიმენი მხოლოდ ორი კვირით დაგვაკლდება. ეს არის მატჩები, სადაც ნებისმიერი შედეგი შესაძლებელია დაფიქსირდეს, ვერასოდეს გაიგებ და ვერ იწინასწარმეტყველებ მათ შედეგებს წინასწარ.

"მილანს" ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, მათ ასევე აკლიათ რამდენიმე მოთამაშე და ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება დაბალანსებული, საინტერესო მატჩები გულშემატკივართა ორი ჯგუფისთვის. ეს არის ის, რაც შეიძლება მოგვიტანოს ფეხბურთმა.

სასაცილოა, როცა ერთ გუნდს ერთ თვეში სამჯერ ეთამაშები. მით უმეტეს, თუ ევროპულ ტურნირზე ხარ და გსურს, რომ შენი თავი კონტინენტის მასშტაბით საუკეთესოებს შეადარო.

უკეთესი იქნებოდა, "მილანსა და "ნაპოლის" სხვა კლუბებთან ეთამაშათ, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ უეფას არ შევცვლით, ყველანი ფეხბურთის სამინისტროს მონები ვიქნებით", - თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.

“ნაპოლისა” და “მილანის” უახლოესი სამიდან პირველი შეხვედრა ნეაპოლში 2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურის ეგიდით გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები