Belive

ნაპოლის და აიაქსის ვეტერანი: "კვარაცხელია ჩემპიონია, მას შეუძლია რომ საუკეთესო გახდეს" 

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ნაპოლისა" და "აიაქსის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, რუდ კროლმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩის შემდეგ (6:1 იტალიელთა სასარგებლოდ), ნეაპოლური გუნდის ამჟამინდელი კარგი სათამაშო ფორმისა და მათი ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩემპიონი უწოდა.

"ეს ისტორიული" დაპირისპირება იყო და რთულად წარმოვიდგენდი, თუ ამ გუნდებს შორის ასეთი დიდი სხვაობა დაფიქსირდებოდა. ობიექტურად, ეს წარმოუდგენელი იყო.

ვიცოდი "აძურის" სიძლიერის შესახებ. მათი თამაში ამ სეზონში ტელევიზიით 7-ჯერ ვნახე და უკვე აღმაფრთოვანეს - "ლივერპულთან" და "რეინჯერსთან". მეორეს მხრივ, "აიაქსისგან" მეტს ველოდი: მათ მიუღებლად ითამაშეს, ჩემს თანამემამულეებს სიამაყე და მონდომება უნდა გამოეჩინათ.

"ნაპოლი" როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, მთელი გუნდით, როგორც ერთი დიდი მექანიზმი ისე მოქმედებს. ამჟამად, ევროპაში ცოტამ თუ იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს. ძალიან ცუდი "აიაქსისთვის", თუ ისინი ამას არ ელოდნენ.

რა არის "ნაპოლის" ის ძლიერი მხარე, რომელიც აღმაფრთოვანებს? ის სისასტიკე, რომლითაც "ნაპოლის" ფეხბურთელები ბურთის დასაბრუნებლად მეტოქის მიმართულებით მიდიან. ამ კომპონენტში ისინი არიგო საკის "მილანს" მახსენებენ. მართალია იმ "მილანმა" ყველაფერი მოიგო, მაგრამ "ნაპოლისაც" შეუძლია ასეთი გზის გავლა, თუ ისინი სათამაშო ფორმის ასეთ სტანდარტს უახლოესი თვეების განმავლობაში სტაბილურად შეინარჩუნებენ. ორად გაყოფილი მსოფლიოს ჩემპიონატის და ანომალიური სეზონის გამო, პროგნოზების გაკეთება რთულია, სიურპრიზებს ველი.

რასპადორისა და პაოლო როსის შედარებისგან თავს შევიკავებ, რადგან პაბლიტო ისევ უნიკალურ  ფეხბურთელად რჩება, რაც შეეხება ჯაკომოს, ის სწრაფი და აქტიურია და წინ დიდი მომავალი აქვს.

რომ აღარაფერი ვთქვათ კვარაცხელიაზე... მას ის იშვიათი უნარ-ჩვევები აქვს, რომელიც ჩემპიონ ფეხბურთელებს გამოარჩევს. ასეთი კაცის ჯობნა ცოტას თუ შეუძლია, მაგრამ კვარაცხელიამ ბურთის გაცემა უნდა ისწავლოს. მოუსმინოს სპალეტის და ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება'', - თქვა 73 წლის სპეციალისტმა.

რუდ კროლი "ნაპოლიში" 1980-84 წლებში თამაშობდა, ამსტერდამის "აიაქსში" გატარებულ 11 წელიწადში კი, იოჰან კრუიფის ლეგენდარულ თაობასთან ერთად, 3-ჯერ ჩემპიონთა თასის მოგება მოახერხა. ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად მან 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1978 წლის მუნდიალზე მარცხენა მცველი ეროვნული გუნდის კაპიტანი გახლდათ.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

შემდეგ მატჩს ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები