Belive

ნაპოლი Vs. მილანი | ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

დღეს დიდი თამაშია. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, "ნაპოლისა" და "მილანს" შორის საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაინაცვლებს და არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, რომ 23:00 საათზე ფეხბურთის თითოეულმა მოყვარულმა ტელევიზორისა თუ სხვა მოწყობილობების წინ მოიყაროს თავი.

ამ თვეში, "ნაპოლი" "მილანს" უკვე მესამედ დაუპირისპირდება. 2 აპრილს, მილანურმა კლუბმა "ნაპოლი" "მარადონაზე" ანგარიშით 0:4 დაამარცხა, 10 დღეში კი მისმა გულშემატკივარი მორიგი გამარჯვება იზეიმა (1:0). 1994/95 წლების სეზონის შემდეგ, "მილანი" შეიძლება გახდეს პირველი გუნდი, რომელიც "ნაპოლის" 1 სეზონში 3-ჯერ დაამარცხებს, თუმცა ნეაპოლში სულ სხვა შედეგისთვის ემზადებიან.

დღეს, ისევე როგორც ზოგადად, ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს. ქალაქს სჯერა, რომ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იხილავს, ეს კი კლუბის ისტორიაში ჯერ არასოდეს მომხდარა. იმედის მთავარი მამოძრავებელი კი ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებაა - ტრავმამოშუშებული და გოლს მოწყურებული ფორვარდი, რომელსაც ერლინგ ჰოლანდის მსგავსად, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

ყველა საფეხბურთო ექსპერტი ერთ რამეზე თანხმდება: პირველ მატჩში ოსიმენს რომ ეთამაშა, ყვეალაფერი სხვაგვარად იქნებოდა: მეტ სათამაშო სივრცეს მიიღებდა ხვიჩა კვარაცხელია და მეტოქის ნახევარზე "პარტენოპეი" გაცილებით საშიშად იმოქმედებდა. ნიგერიელი ტრავმირებულმა სიმეონემ ვერ ჩაანაცვლა, ფორმის აღდგენა ვერც რასპადორიმ მოასწრო და შეტევის ცენტრში მაკედონიელი ელიფ ელმასი ვიხილეთ: ფეხბურთელი, რომელმაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე, საკლუბო კარიერაში პირველად ითამაშა (Transfermarkt-ის თანახმად).

მეორე მხრივ, "მილანის" სახით, "ნაპოლის" ურთულესი ვიზავი ჰყავს. სპალეტიმ სწორად აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში თამაში მილანური კლუბის დნმ-შია და რომ ასეთ დონეზე, "მილანთან" პაექრობა ურთულესია. სერია A-ში მე-4 ადგილზე მყოფი, თუმცა მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ახალგაზრდა და ვეტერანი ვარსკვლავები თამაშობენ. მენიო, ტეო, ლეაო, ტონალი, ტომორი, ჟირუ და სხვ. - ეს არნახული დიდებისკენ მიმავალი "ნაპოლისა" და ძველ დიდებას მოწყურებული "მილანის" შერკინება იქნება.

მწვრთნელების მოსაზრება

"რა იქნებოდა" მნიშვნელობას აღარ ატარებს, რა იქნება - ესაა მთავარი. "მილანის" მწვრთნელი, სტეფანო პიოლი დანანებით ამბობს, რომ 10-კაციანი "ნაპოლისთვის" მეორე გოლის გატანა მის გუნდს საქმეს გაცილებით გაუმარტივებდა. მისი თქმით, 1-ბურთიანი უპირატესობა "ნაპოლისთან" არაფერს ნიშნავს, რადგან მიმდინარე სეზონში, "პარტენოპეის" 3-4 გოლი არაერთხელ გაუტანია. შესაბამისად, "მილანი" დაცვაში ჩადგომას არ აპირებს, რადგან ეს ცეცხლთან თამაში იქნება.

"ტაქტიკის ცვლილებას არ განვიხილავ. რაც შეეხება ოსიმენის დაბრუნებას, ის ფიზიკურად ძლიერია, ახდენს დიდ გავლენას და გადამწყვეტ მომენტში სწორად მოქმედება შეუძლია, თუმცა ამავე დროს, ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს, რომლისგანაც გადახვევას არ განვიხილავ", - თქვა პიოლიმ.

მის საპასუხოდ, ლუჩანო სპალეტიმ აღნიშნა, რომ ვარჯიშზე სწორედ იმ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც "ნაპოლი" მარცხამდე მიიყვანა. "უნდა ვკონცენტრირდეთ დეტალებზე და მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება. ამ შემთხვევაში, მათზე უკეთესი თამაშის ჩვენებას შევძლებთ" - თქვა მან.

სავარაუდო შემადგენლობა

"ნაპოლის" პოტენციალის სჯერათ ტიერი ანრის, ჯეიმი კარაგერსა და მიკა რიჩარდსს: Sky Sports-ის ეთერში, დაბეჯითებით თქვეს, რომ "ნაპოლი" ფინალში ითამაშებს. Opta ამბობს, რომ "ნაპოლის" შანსი 40%-ია და ეს იმას ნიშნავს, რომ წინ რთულად პროგნოზირებადი და დაძაბული შეხვედრა გველოდება.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

ნაპოლი: მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივერა; ლობოტკა, ელმასი, ზელინსკი; ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია
მატჩს გამოტოვებს: კიმი, ზამბო ანგისა
გაფრთხილების შემთხვევაში, შემდეგ მატჩს გამოტოვებს: ჟუან ჟეზუსი, პოლიტანო, რაჰმანი

მილანი: მენიო; კალაბრია, ტომორი, კიაერი, ტეო ერნანდესი; ტონალი, კრუნიჩი; ბრაჰიმ დიასი, ბენასერი, ლეაუ; ჟირუ
მატჩს გამოტოვებს: არავინ
გაფრთხილების შემთხვევაში, შემდეგ მატჩს გამოტოვებს: ბალო, კალაბრია, კრუნიჩი, ტომორი, ტონალი

სხვა სტატიები