Belive

ნაპოლი ლუჩიანო სპალეტის კომპენსაციის გარეშე გაუშვებს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ის, რომ ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. ამავე დროს, აურელიო დე ლაურენტისი ახალი მთავარი მწვრთნელის და სპორტული დირექტორის დამატებაზე აქტიურად მუშაობს.

პარალელურად, იტალიელ სპეციალისტსა და კლუბს შორის თანამშრომლობის დასრულების პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს. იტალიური მედია, კონკრეტულად კი ნეაპოლური Il Mattino ავრცელებს უახლეს ინფორმაციას, რომ სპალეტის, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, კლუბი კომპენსაციის გარეშე გაუშვებს. კონტრაქტში ახალი პირობა შევა, რომლის მიხედვითაც მას კლუბში დაბრუნება 2024 წლამდე, ე.ი. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეეძლება.

უშუალოდ ტოსკანელ მწვრთნელს სურს, რომ შემდეგ სეზონში პაუზა აიღოს და სხვა კლუბში აღარ იმუშაოს, ხოლო ნეაპოლელთა პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სურვილი მხარეთა შორის თანამშრომლობის მშვიდობიანად და წყენის გარეშე დასრულებაა.

ამავე დროს, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა განიხილავს ვარიანტს, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლისა და იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ მიღებული ფინანსების დახმარებით, სახელფასო ზღვარს გასცდნენ და ისეთი სპეციალისტი მოიყვანონ, რომელსაც "ნაპოლის" ტრადიციულ ანაზღაურებასთან შედარებით უფრო მეტის მოთხოვნის სურვილი ექნება.

ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლიში” 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და გუნდს 94 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისი ხელმძღვანელობით, "ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის დასრულება და ისტორიაში მესამედ სკუდეტოს მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები