Belive

ნაკრებებმა უეფას ევრო 2024-ის შემადგენლობების დასახელების ვადის გადატანა სთხოვეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობების დასახელების დედლაინის შეცვლის თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

ქვეყნებს საბოლოო განაცხადის დასახელება 7 ივნისის ღამემდე შეუძლიათ, ზოგიერთ ნაკრებს კი ევრო 2024-მდე ბოლო ამხანაგური მატჩი სწორედ ამ დღეს აქვს ჩანიშნული. მათი შეშფოთების მიზეზი კი ისაა, რომ ფეხბურთელის ტრავმის შემთხვევაში, სიტუაციის შესაფასებლად და გადაწყვეტილების შესაცვლელად ძალიან მცირე დრო რჩება.

მაგალითისთვის, 7 ივნისს ინგლისი ,,უემბლიზე'' ისლანდიას მასპინძლობს, ამავე დღეს თამაშობს შოტლანდიაც, რომელიც ფინეთს დაუპირისპირდება.

როგორც Sky Sports წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უეფამ თხოვნა დააკმაყოფილოს, რადგან წესების თანახმად, შემადგენლობა ყველა ნაკრებმა ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უნდა დაასახელოს, ევრო 2024-ის პირველი მატჩი კი 14 ივნისსაა ჩანიშნული.

გარდა ამისა, უეფას წესდებით, გუნდებს ტრავმირებული ფეხბურთელის შეცვლა ტურნირის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

საკითხი ორშაბათს კომიტეტის სხდომაზე განიხილება. ამავდროულად, იმსჯელებენ შემადგენლობის რაოდენობაზეც. გასულ კვირას რამდენიმე მწვრთნელმა განაცხადის 23-დან 26 კაცამდე გაზრდის იდეას დაუჭირა მხარი.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს გერმანიისა და შოტლანდიის შეხვედრით გაიხსნება, ფინალური მატჩი კი 14 ივლისს გაიმართება.

ტურნირში ისტორიაში პირველად იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომლის მეტოქეებიც ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.

სხვა სტატიები