Belive

მუნდიალის ფასები ასტრალშია - ევრო 2028-ზე ასეთი რამ არ მოხდება

6 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

უეფა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბილეთების ფასების "გაყინვას," ანუ მსურველთათვის ფიქსირებული ფასის შეთავაზებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება სრულ კონტრასტშია ფიფას პოლიტიკასთან, რომელიც მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვა საფასო სტრატეგიას იყენებს.

ნაკრებების კვოტის გაზრდის შედეგად, 2026 წლის მუნდიალი სარეკორდო 104 მატჩს უმასპინძლებს. საერთო ჯამში, გულშემატკივრისთვის 6,7 მილიონი ბილეთია ხელმისაწვდომი, რომელსაც ფიფა ოთხ კატეგორიად ყიდის. ყველაზე იაფი, მეოთხე კატეგორიის ბილეთის ფასი ჯგუფური ეტაპის მატჩზე 60 დოლარიდან იწყება.

პლეი-ოფის ეტაპზე, ფასები დრამატულად იზრდება. მაგალითად, 2026 წლის 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე დაგეგმილი ფინალის ყველაზე იაფი ბილეთის ოფიციალური ღირებულება $2000-ს აჭარბებს, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ადგილების ფასი კი $8000-მდეა.

ასტრონომიული ფასები, ყველაზე იაფი კატეგორიის ბილეთების სიმცირე და ფიფას გადაწყვეტილება, გამოიყენოს ე.წ. „დინამიკური ფასწარმოქმნის“ მოდელი - კრიტიკის ობიექტად იქცა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბილეთის ფასს საკომისიო გადასახადიც ემატება. კრიტიკის მთავარი მიზეზია ის, რომ ფიფას ეს მიდგომა ფეხბურთს საშუალო ფენისთვისაც ფუფუნების საგნად აქცევს. შესაბამისად, მიდგომა, სადაც ფეხბურთი ყველასია, დარღვეულია.

ამის საპირისპიროდ, უეფა ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ევროპული ფეხბურთის მაკონტროლებელი ორგანო გეგმავს, რომ ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში გასამართ ევრო 2028-ზე ბილეთების ფასების უმეტესი ნაწილი იმავე ნიშნულზე შეინარჩუნოს, რაც ევრო 2024-ზე იყო.

ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დაბალი კატეგორიის ბილეთი დაახლოებით 34 დოლარი ეღირება. შემდეგი, მესამე კატეგორიის ბილეთის ფასი კი 70 დოლარის ფარგლებში იქნება.

რეალურად, გულშემატკივარს, რომელიც ევრო 2028-ზე დასწრებას გეგმავს, საშუალება ექნება, ჯგუფური ეტაპის ხუთი მატჩის ბილეთი იმავე ფასად იყიდოს, რაც ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებზე პარკინგის საშუალო ღირებულებაა - მუნდიალზე ავტომობილის გაჩერების ღირებულება ამჟამად 175 დოლარს შეადგენს.

ევრო 2028-ის ბილეთების საბოლოო ფასების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, 2027 წლამდე არ დადასტურდება, თუმცა უეფამ მიანიშნა, რომ ყველაზე პრესტიჟული ადგილებისა და ე.წ. "ჰოსპიტალითი" პაკეტების ღირებულება უცვლელად არ დარჩება.

სხვა სტატიები