Belive

მუნდიალი 2022 | რას იხილავთ live.ge-ზე?!

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

სრულიად მსოფლიოს ყურადღება, ყატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ყატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას - ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი, რის გამოც 1 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით მილიონი ადამიანის ცხოვრების რიტმი შეიცვლება.

რონალდუ თუ მესი, არგენტინა თუ ბრაზილია, ევროპა თუ სამხრეთ ამერიკა... მუნდიალის განმავლობაში უამრავი კითხვა გაჩნდება - კითხვების აბსოლუტურ უმრავლესობას ჭეშმარიტი პასუხი გაეცემა, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვებიც დარჩება, რომელიც ახალი "შეთქმულების თეორიების" სათავე გახდება. და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრადიციულად - ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომასა და ზამთარში ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე არასაფეხბურთო ქვეყანა მასპინძლობს, მუნდიალს კრიტიკოსები უკვე მრავლად ჰყავს.

ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მიგრანტი მუშების სიკვდილიანობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, გაურკვეველი აკრძალვები და ფანების უკმაყოფილება - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს თან ახლას და უდიდეს დაღს ასვავს.

რა თქმა უნდა, ადამიანური ფაქტორი უმთავრესია და ფეხბურთის მთავარი ღირებულებაც სწორედ ესაა. პატარა ბავშვის ოცნებებიდან დაწყებული, რიგითი გულშემატკივრის მოლოდინებით გაგრძელებული და პროფესიონალი ფეხბურთელის წარმატებული კარიერით დასრულებული - ფეხბურთი იყო, არის და იქნება სპორტის ის სახეობა, რომელშიც 90 წუთის განმავლობაში ყველა თანასწორია და წარმატებით გამოწვეულ სიხარულსა, თუ მარცხით გამოწვეულ მწუხარებას, განურჩევლად სქესისა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციისა ყველა თანაბრად იზიარებს.

სამწუხაროდ ყატარი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა, თუმცა, არაფერი შეცვლის იმ გარემოებას, რომ 18 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება იმ სტადიონზე, რომლის მშენებლობაზეც უამრავი მიგრანტი მუშა დაიღუპა.

ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთელები და გულშემატკივრები დიდი იმედებით ელოდნენ, თუმცა, ზოგიერთ მათგანს ფორტუნა არ სწყალობს. ამის ნათელი მაგალითია სენეგალის ნაკრები და სადიო მანე, რომელიც მუნდიალის დაწყებამდე რამენიმე დღით ადრე მიღებული ტრავმის გამო, მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა და შესაძლოა კარიერა ისე დაასრულოს, რომ მომავალში ამ უდიდეს ფორუმზე ვეღარც ვიხილოთ. კიდევ უფრო გულდასაწყვეტია კარიმ ბენზემას ისტორია - ოქროს ბურთის ტრიუმფატორმა, საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო არსებული დადებითი და უარყოფითი გარემოებების შესახებ საუბარი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მოკლედ, რომ ვთქვათ - ისღა დაგვრჩენია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და მომავალში მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვათ.



ახლა კი დროა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას იხილავთ Live.ge-ზე. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.

Live.ge, როგორც ფლაგმანი ინტერნეტ სპორტული მედია პორტალი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ოპერატიულ რეჟიმში მოგაწვდით. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ არ იქნება არც ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით დაგაინტერესებთ და ჩვენთან ვერ ნახავთ!

ანალიტიკა, ყველა მატჩის მიმოხილვა, პრესკონფერენცია, გამოხმაურება, გულშემატკივრის აზრი, ხარისხიანი ვიდეო კონტენტი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენს გვერდზე იხილავთ.

ჩვენ ვიმუშავებთ ისე - როგორც შეგვეფერება. Live.ge იმუშავებს ისე - როგორც შეეფერება წამყვან სპორტულ მედია საშუალებას. ამ დროის განმავლობაში აქტიურად იქნება დატვირთული Live.ge-ს ვებგვერდი, Facebook, Instagram, Youtube და TikTok არხები.

არ დაგავიწყდეს - იმისათვის, რომ ყველა სპორტული ინფორმაცია პირველმა გაიგო, გამოიწერე Live.ge-ს სოციალური არხები.

სხვა სტატიები