Belive

მუნდიალი 2022 | მესიმ და შჩესნიმ მატჩის დროს სანაძლეო დადეს 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მესამე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი C ჯგუფის შეხვედრა აღმოჩნდა, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა პოლონეთის ეროვნულ გუნდს - 2:0 აჯობა. შეხვედრაში გოლები ალექსის მაკალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი 38-ე წუთი იყო, როცა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მუნდიალზე თავისი მესამე პენალტიდან მეორე ვერ გაიტანა და მეცხრე გოლის გატანა ვერ შეძლო.

ამ ყველაფერში მთავარი მოქმედი პირი ვოიცეხ შჩესნია, რომელიც ჯერ ანტი-გმირი, შემდეგ კი გმირი გახდა - პოლონელთა მეკარეზე მსაჯმა VAR-ის დახმარებით პენალტი დანიშნა, თუმცა შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერმა 7 ოქროს ბურთის მფლობელის დარტყმა მოიგერია.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ შჩენსიმ გაამხილა, მას და მესის ვიდეო გამეორების სისტემის მიერ ეპიზოდის განხილვის დროს, დიალოგი ჰქონდათ და მათ სანაძლეოს დადებაც კი მოასწრეს. საქმე ისაა, რომ პოლონელთა მეკარემ მესის უთხრა, რომ პენალტი არ დაინიშნებოდა, ამის დასადასტურებლად კი ფსონის სახით 100 ევროს ჩამოდიოდა. საბოლოო ჯამში, გამარჯვება არგენტინელთა კაპიტანს დარჩა, მაგრამ როგორც პოლონელთა მეკარე განმარტავს, ის ლეოსთვის თანხის გადახდას არ აპირებს.

"მესის პენალტის დანიშვნამდე ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ შემეძლო 100 ევროს დადება, რომ პენალტი არ დაინიშნებოდა. კარგი, დავმარცხდი.

არ ვიცი, დაშვებულია თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამისთვის ალბათ დისკვალიფიკაციას მივიღებ, მაგრამ ახლა ეს არ მაინტერესებს. მე არ ვაპირებ მისთვის გადახდას, რადგან მას ეს 100 ევრო არ აინტერესებს", - თქვა 32 წლის მეკარემ.

პოლონეთის ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 დეკემბერს, ალ თუმამას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება არგენტინელებს, ისინი ავსტრალიას შეხვდებიან. შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები