Belive

მუნდიალი 2022 | ლევანდოვსკი: "საფრანგეთი ფავორიტია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება პოლონეთის ნაკრებმაც მოიპოვა, რომლებმაც მუნდიალის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის ადგილი 1986 წლის შემდეგ პირველად დაიკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ნაკრები არგენტინასთან C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში - 0:2 დამარცხდა, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ ბურთების უკეთესი ბალანსით პლეი-ოფში კვალიფიცირება მაინც შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის ლიდერმა, კაპიტანმა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჯგუფური ეტაპი შეაფასა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"საფრანგეთი ჩვენი წყვილის უდავო ფავორიტია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გაუმჯობესება, თუ გვსურს, რომ საერთოდ შევუქმნათ პრობლემები ჩვენს მეტოქეებს. კერძოდ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მეტი ვარიანტი თავდასხმის ხაზში.

საფრანგეთმა შესანიშნავი გუნდი შეკრიბა, მაგრამ ტუნისთან მატჩის მაგალითზე ვხედავთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ეს ჩვენთვის უაღრესად დიდი გამოწვევაა, რადგან კარგად ვიცით მოწინააღმდეგეების შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელების დონე.

ჩვენ გამარჯვებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ამას უახლოეს დღეებში სათანადო მუშაობა დასჭირდება. შეუძლებელი არაფერია, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ყველამ იცის, რომ საფრანგეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და შესაძლოა ზედიზედ მეორედ მოიგოს ტურნირი. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის, ამიტომ უნდა ვითამაშოთ უკეთესად, ვიდრე დღეს.

არგენტინის წინააღმდეგ მე უფრო მცველად ვითამაშე, ვიდრე თავდამსხმელად, თუმცა როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, არ უნდა ელოდო, რომ გუნდი თავად შეგიქმნის საგოლე მომენტებს. ეს ჩემთვის გამოცდა იყო, მაგრამ საბოლოოდ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მარცხის ფონზეც კი გავიხაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინამ ტურნირის პირველი მატჩი წააგო, ისინი მაინც მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტები არიან", - თქვა 34 წლის თავდამსხმელმა.

პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება 4 დეკემბერს, ალ თუმამას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები