Belive

მთავარი თამაში - როგორი გუნდია და რას უნდა ველოდოთ საბერძნეთისგან?

1 თვის წინ ფეხბურთი
6 წთ

დღეს, 26 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ მატჩში ითამაშებს. გადაჭედილ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ბერძნებს ვმასპინძლობთ და მატჩის დაწყებამდე, მათ შესახებ ამომწურავ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორია - 2004 წელს, ოტო რეჰაგელის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელი პორტუგალია ორჯერ - ტურნირის პირველ და დასკვნით მატჩში დაამარცხა. ამ გამარჯვების შესახებ, ერთი დღის წინ, ჩვენს ბერძენ კოლეგას ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ 2004-ის ამბები ასე თუ ისე მივიწყებულია და ბერძნები აწმყოთი ცხოვრობენ.

მისი სიტყვები, თითქოსდა, გასაკვირი იყო, თუმცა თუ გავიხსენებთ იმას, რა მდგომარეობაში იყო საბერძნეთის ნაკრები გასულ დეკადაში, დასკვნის გამოტანა იოლი ხდება. საბერძნეთმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო - საკვალიფიკაციო ჯგუფში, ბერძნებმა ბოლო ადგილი დაიკავეს და ფარერებსაც კი ვერ აჯობეს. კრახით დასრულდა მათი გამოსვლა 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფშიც - ბერძნებმა მე-3 ადგილი დაიკავეს.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებთან ბერძნები დიდი მოტივაციით ემზადებიან. გუნდის კაპიტანი ანასტასიოს ბაკასეტასია - ლიდერული თვისებებით გამორჩეული ნახევარმცველი, რომელმაც ნაკრების ფსკერიდან ამოყვანაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

როგორი ნაკრებია საბერძნეთი და რა არის მისი ძლიერი მხარე?

საბერძნეთი გაცილებით ძლიერი ნაკრებია, ვიდრე ჩრდ. მაკედონია, რომელმაც ევრო 2020-ის გამსვლელ მატჩში, ცარიელ სტადიონზე დაგვამარცხა. ჩვენს ფორვარდებს რთული ამოცანა ელით, რადგან ბერძნების მცველები პრემიერ ლიგისა და სერია A-ში რეგულარულად თამაშობენ. ციმიკასი, "ლივერპულში", რობერტსონის შემცვლელია, თუმცა, სათამაშო პრაქტიკა მრავლად აქვს, მავროპანოსი "ვესტ ჰემის" დაცვის ბურჯია, ჰაძიაკიდოსი "კალიარიში" თამაშობს, ბალდოკი კი - "შეფილდ იუნაიტედში". დიდი ალბათობით, კვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზე სწორედ ეს უკანასკნელი იზრუნებს.

საქართველო Vs. ლუქსემბურგის დასრულების შემდეგ, ქართველი გულშემატკივარის ყურადღება ათენში იყო მიმართული, სადაც ბერძნებმა ყაზახეთს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს და ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლეს

ბერძნებს ნახევარდაცვაში გამორჩეული ვარსკვლავები ნამდვილად არ ჰყავთ, მაგრამ ისინი ბერძნული, ლოკალური გრანდების შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობენ და მარტივად მისახვედრია, რომ მათ წინააღმდეგ მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლა იოლი გასეირნება არ იქნება. ამას დავუმატოთ თავდასხმის ხაზი, სადაც დიდ ყურადღებას ორი ადამიანი იპყრობს - ვანგელის პავლიდისი და ფოტის იოანიდისი - ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მაღალი, ათლეტური ცენტრფორვარდები.

დიდი ალბათობით, ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან ფოტის იოანიდისი დაიწყებს - ბერძნული "პანათინაიკოსის" თავდამსხმელი, რომელმაც, ნახევარფინალურ შეხვედრაში, ყაზახეთთან გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ასევე ჩინებულ ფორმაშია ნიდერლანდური "ერედივიზიეს" ბომბარდირი, "ალკმაარის" შემტევი პავლიდისი, რომელსაც, სავარაუდოდ, მოედანზე მეორე ტაიმში ვიხილავთ.

ვინ წვრთნის საბერძნეთს?

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ურუგვაელი სპეციალისტი, გუსტავო პოიეტია, რომლისთვისაც, ეს სანაკრებო დონეზე პირველი გამოცდილებაა. სხვადასხვა დროს, იგი "ბრაიტონს", "სანდერლენდს", "აეკ ათენს", "ბეტისს", "შანხაი შენჰუას", "ბორდოსა" და ჩილეულ "უნივერსიდად კათოლიკას" წვრთნიდა. 4-3-3 ტაქტიკით თამაში უყვარს და იმაზე გაცილებით უფრო შემტევითი სტილის მოყვარულია, ვიდრე საბერძნეთის ნაკრებისგან ვართ ჩვეული. ყაზახეთთან 5:0 გამარჯვება უკვე ვახსენეთ, მანამდე, მისმა გუნდმა, საფრანგეთის ნაკრებთან 2:2 ითამაშა, ახალ ზელანდიას 2:0 მოუგო და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 8 მატჩში, 14 გოლი გაიტანა.

გუსტავო პოიეტს თავისი გუნდი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ აქამდე არასდროს გაუყვანია. 2021-ში, როდესაც ბერძნებს უკანასკნელად ვეთამაშეთ, გუნდს ნიდერლანდელი ჯონ ვან’ტ სხიპი წვრთნიდა, რომელმაც ბერძნების პროგრესს საფუძველი ჩაუყარა. მაშინ, ბერძნებთან სახლში ანგარიშით 0:2 დავმარცხდით, გასვლაზე კი 1:1 ვითამაშეთ - საქართველოს მხრიდან, 1 გოლის გატანა გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.

რას დავახვედრებთ საბერძნეთს?

გაცილებით უფრო ორგანიზებულ და ძლიერ გუნდს, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონიას. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობის პერიოდში, გუნდში ერთიანობა კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და ამავე პერიოდში, ჩვენი ფეხბურთელები ევროპული საკლუბო ფეხბურთის ტოპ 5 ჩემპიონატს გაუშინაურდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მიღწევებზე დიდხანს არ შევჩერდები - ყველასთვის ნათელია, რომ კვარა ჩვენი გუნდის შემტევითი ხაზის უპირობო ლიდერია. კარს "ლა ლიგის" ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იცავს, მცველები გამოცდილები და ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულები არიან, ფლანგზე მოთამაშე კაკაბაძე და შენგელია კარგ ფორმაში იმყოფებიან, უმნიშვნელოვანესია ტრავმებისკენ მიდრეკილი ჩაკვეტაძისა და კიტეიშვილის გუნდში ყოფნის ფაქტორი, ქოჩორაშვილი ნაკრების ძირითადში ადგილს იმკვიდრებს, ბუდუსგან და ჟორჟისგან გატანილი გოლები კი აღარ გვიკვირს. საინტერესოა, თუ რა როლს ითამაშებენ შეცვლაზე მოთამაშე ფეხბურთელები - სავარაუდოდ, მათ შორის იქნება ჩვენი ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა, რომელიც გუნდის სულისკვეთების ამაღლებაში უდიდეს როლს თამაშობს.

ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ მატჩს ტრავმების გარეშე ვხვდებით და ეს უდიდესი ძალაა. ამას დავუმატოთ სრულიად სავსე ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი, რომელმაც მე-12 მოთამაშის როლი უნდა შეასრულოს. ბერძნულ საკლუბო ფეხბურთში, სტადიონზე არსებული საომარი ატმოსფერო არავის უკვირს, ბერძნები ამას შეჩვეულები არიან და მათ ვერაფრით გავაკვირვებთ - სამაგიეროდ, ეს იქნება უდიდესი მუხტისა და სტიმულის მიმცემი ჩვენი ბიჭებისთვის, რომლებმაც უნდა იგრძნონ, რომ მათ უკან მთელი ქვეყანაა.

მატჩი ახლოვდება და დაძაბულობა პიკს აღწევს. წინ აუცილებლად მოსაგები თამაში გველოდება და ჩვენს გუნდს მთელი გულით ვუსურვებთ გამარჯვებას, წინ ევროპის ჩემპიონატი გველოდება, შევხვდებით გერმანიაში.

სხვა სტატიები