Belive

"მსურს, ფეჰერვარისა და ჩემს გულშემატკივრებს სრული სიმართლე ვუთხრა" - ბუდუ ზივზივაძე

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

Fehérvár Media Center აცხადებს, რომ ზივზივაძემ მაისური მეტოქე ფეხბურთელთან გაცვალა და მოედანი “უიპეშტის” მაისურით დატოვა. ამის გამო, “ფეჰერვარმა” ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ფეხბურთელის თავს შექმნილი გაუგებრობის შესახებ თავდაპირველად ისაუბრა, რის შემდეგაც კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში, ბუდუ ზივზივაძემ კლუბის მესვეურებსა და გულშემატკივრებს მიმართა.

"მსურს, კლუბ ფეჰერვარის და ჩემ გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს უიპეშტთან მატჩის შემდეგ მოხდა.

თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რომელიც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემ ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტიქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ ფეჰერვარის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც უიპეშტში თამაშის დროს ფეჰერვარის კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა სასტარტო შემადგენლობაში ვარ, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი სწორად გაიგებენ ჩემ ნათქვამს და ფეჰერვართან ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს".

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში “ფეჰერვარის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები