Belive

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

12 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. 2026 წლის მუნდიალის გახსნით შეხვედრაში, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებას ვიხილავთ.

მუნდიალის თანამასპინძელი ქვეყანა, სასტარტო შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება. გუნდს რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომელშიც მუნდიალის დაწყებამდე, ზედიზედ 3 მოგებული ამხანაგური შეხვედრაც შედის, სერბეთის, ავსტრალიისა და განის ნაკრებების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ მექსიკა ამ შეხვედრამდე, შვიდჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის თანამონაწილე გუნდი და ვერც ერთხელ მოიგო. 3 წაგება, 4 ფრე. მათ შორის, ვერც ბოლო გახსნითი მატჩი, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარა. ის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ახლა კი, ამ უსიამოვნო ტრადიციის დასასრულებლად, ჩრდილოეთ ამერიკელებს კარგი შანსი აქვთ.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, მათ, მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, მძიმე სტატისტიკა აქვთ. სამხრეთ აფრიკამ, ბოლო გამარჯვება, დაახლოებით ნახევარი წლის წინ, 2025 წლის 30 დეკემბერს, აფრიკის ერთა თასზე მოიპოვა, როდესაც ზიმბამბვე 3-2 დაამრაცხა. მუნდიალის დაწყებამდე კი, ბოლო მატჩი 2026 წლის 29 მაისს, ნიკარაგუასთან ჩაატარა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა. ერთი სიტყვით, სამხრეთ აფრიკელები, დღევანდელ შეხვედრას არც თუ ისე სახარბიელოდ ხვდებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მექსიკელთა მეკარე, გილერმო ოჩოა, სარეკორდო, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადება. მექსიკელი კიპერი, იმ ოთხი მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომლებიც 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, 2026 წლის მსოფლიოზეც ითამაშებენ. ოჩოას გარდა, 2006 წლის მუნდიალზე, ლუკა მოდრიჩმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ითამაშეს. აგრეთვე, მექსიკა ხუთეულში შედის ყველაზე მეტი მონაწილეობით მუნდიალებზე. მათთვის ეს რიგით მე-18 მსოფლიო ჩემპიონატია, რითიც იტალიას გაუთანაბრდა. ჩრდილოეთ ამერიკელებს კი, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მონაწილეობით, არგენტინის (20), გერმანიის (21) და ბრაზილიის (24) ნაკრებები უსწრებენ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი მექსიკაში, "აცტეკის" სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები