Belive

"მინახავს თუ რას აკეთებდნენ ჩემი კოლეგები, ეს რომ მე გამეკეთებინა..." - მარიო ბალოტელიმ მის განვლილ წლებზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მარიო ბალოტელი მთელი კარიერის განმავლობაში გულშემატკივარს მისი არაორდინალურობით მუდამ აკვირვებდა. იტალიელი ფეხბურთელის უცნაური ქცევები მთავარ მწვრთნელებსაც აწუხებდათ. ასეთი იყო ჟოზე მოურინიოც, რომელმაც ერთხელ "ინტერის" შემტევს გუნდის ავტობუსი დაატოვებინა.

Muschio Selvaggio-ს პოდკასტში საუბრისას ბალოტელიმ ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა ის და მოურინიო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"მოუ რბილი ხასიათის ადამიანი არ არის, ისევე როგორც მე. ერთხელ კატანიაში გამგზავრებამდე, აეროპორტში მიმავალ ავტობუსში კამათი გვქონდა. მან მაიძულა ავტობუსიდან ჩავსულიყავი და სახლში მანქანით დაბრუნება მომიწია“.

ბალოტელიმ აღიარა, რომ მისი საქციელებით საკუთარ თავს ხშირად უქმნიდა პრობლემებს, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ხშირად უსამართლოდ ისჯებოდა.

„ვიცი, რომ შეცდომები დავუშვი, მაგრამ ისიც მართალია, რომ ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვიყავი. გარდა ჩემი ხასიათისა, ვფიქრობ, იტალიის ნაკრებში პირველი შავკანიანი მოთამაშის სტატუსმაც განაპირობა ის, რომ ხალხი ყოველთვის საუბრობდა იმაზე, თუ რას ვაკეთებდი მოედნის გარეთ. მინახავს თუ რას აკეთებდნენ ჩემი კოლეგები, ეს რომ მე გამეკეთებინა..."

მარიო ახლა 32 წლისაა და შვეიცარიაში, "სიონში" თამაშობს და თვლის, რომ ფეხბურთით კიდევ რამდენიმე წელი იქნება დაკავებული.

ბალოტელის მისი მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში 3 სერია ა, 1 იტალიის თასი, 1 იტალიის სუპერ თასი, 1 პრემიერ ლიგა, 1 FA თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

სხვა სტატიები