Belive

მილანმა და ინტერმა ახალ სტადიონზე 650-მილიონიანი შეთანხმება გააფორმეს

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანი და ინტერი ახალ, თანამედროვე სტადიონზე გადასასვლელად ემზადებიან. კლუბებმა იტალიურ სადაზღვევო კომპანია "ჯენერალისთან", 20-წლიანი, სარეკორდო შეთანხმება გააფორმეს. როგორც ESPN იტყობინება, ხელშეკრულების ღირებულება 650 მილიონ ევროს შეადგენს.

71 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი არენა "ჯენერალის სტადიონის" სახელით იქნება ცნობილი და ისტორიულ "სან სიროს" ჩაანაცვლებს. მშენებლობის დაწყება 2028 წლისთვის იგეგმება, პირველი მატჩები კი, საჭირო ნებართვების მიღების შემთხვევაში, 2031/32 წლების სეზონში გაიმართება.

"სან სიროს" დატოვება მთელი ეპოქის დასასრულს ნიშნავს. 1926 წელს აშენებული სტადიონი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განახლდა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს, დღეს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს. ახალი სტადიონის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ მილანისა და ინტერისთვის, არამედ მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვისაც.

იტალია, თურქეთთან ერთად, 2032 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და მოსალოდნელია, რომ მილანის ახალი არენა, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სტადიონი იქნება. ამ ეტაპზე, სერია A-ში, ინტერი, წაუგებლად, სატურნირო ცხრილის სათავეშია. მილანი კი, მეხუთე ადგილს იკავებს. გუნდები, "დერბი დე ლა მადონინაში" ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები