Belive

მიგელ ალმირონი - ნიუკასლის სანტიაგო მუნიესი

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

დენი კენონის ფილმს, სახელწოდებით “გოლი,” საქართველოში, მეტწილად, “შტანგა გოლის” სახელით იცნობენ, სადაც მთავარ მოქმედ გმირს, სანტიაგო მუნიესს, ჯოტია ცაავა ჰქვია. 2005 წელს გამოშვებული ფილმი დრამაა, თუმცა ქართულად გადათარგმნილმა (ე.წ. "ჩახმოვანებულმა") ფილმმა, კომედიის ჟანრში გადაინაცვლა. 14 წლის შემდეგ, "ნიუკალსში" მიგელ ალმირონი გამოჩნდა - პარაგვაელი ფეხბურთელი, რომელიც სანტიაგო მუნიესის გზას იმეორებს.

2019-ში, 25 წლის პარაგვაელის სანაცვლოდ, "ნიუკასლმა" “ატლანტა იუნაიტედს” რეკორდული თანხა, £21 მილიონი გადაუხადა. ინგლისში ჩასვლისას, ალმირონმა დაადასტურა, რომ სანტიაგო მუნიესის შესახებ ყველაფერი იცოდა.

მუნიესის მსგავსად, მიგელ ალმირონი სამხრეთ ამერიკელია. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა, თავისუფალი დრო ბევრი ჰქონდა, რომელსაც ფეხბურთის თამაშში ატარებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მამასთან ერთად მუშაობდა და დამატებითი ფულის გამომუშავების მიზნით, ჩინურ რესტორანშიც მსახურობდა. მუნიესისგან განსხვავებით, ცნობილია, რომ ალმირონი მამამ არათუ შეაფერხა, არამედ მისთვის მოტივატორი გახდა.

მიმდინარე სეზონში, პარაგვაელი ნახევარმცველი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში, 8 გოლი აქვს გატანილი (ბოლო 7 მატჩში, მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო). მუნიესის მსგავსად, ტექნიკურია, ბურთს ოსტატურად ფლობს, მეტოქის მოტყუებას არასოდეს ერიდება და ზუსტი დარტყმებითაც გამოირჩევა.

GetPaidStock.com-63690b247c504

ალმირონის ტრანსფერისას, ბრიტანულ მედიაში დაიწერა სტატია, რომ 2005 წელს გადაღებული ფილმი, "გოლი", "ნიუკასლს" ახალგაზრდა ფეხბურთელების მიზიდვაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. მაგალითისთვის, ამჟამად "ნორვიჩში" განათხოვრებულ ისააკ ჰეიდენს ნათქვამი აქვს, რომ მოზარდობის პერიოდში, მისი საყვარელი ფილმი “გოლი” იყო:

“ფეხბურთი უზომოდ მიყვარდა. შემეძლო ტელევიზორის ეკრანისთვის თვალი მთელი დღის განმავლობაში არ მომეწყვიტა. როდესაც “გოლს” ვუყურე, ვიფიქრე, რომ სენტ ჯეიმს პარკი შესანიშნავი სტადიონი იყო, სადაც გოლების გატანას მეც სანტიაგო მუნიესივით ვიზეიმებდი. ამ ფილმმა მე “ნიუკასლთან” პირდაპირ დამაკავშირა,” - თქვა მან Northern Echo-სთან საუბრისას.

პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლის (ლონდონის "ჩელსისთან") ავტორი, პაპის დემბა სისე ამბობს, რომ “გოლი” ადამიანებს “ნიუკასლისკენ” იზიდავს. სისეს თქმით, მას ეს სურვილი 2012 წელს გაუჩნდა. ფილმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ხონას გუტიერესსა და ისლამ სლიმანისაც აქვთ გამოთქმული.

ერთი სიტყვით, ვისაც ეს ფილმი ქართულად დუბლირების გარეშე უნახავს, თავისუფლად დაეთანხმება “ნიუკასლის” ფეხბურთელებს. ეს იყო ფილმი რთულ ცხოვრებაზე, ოცნებაზე, შესაძლებლობაზე და ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც დამწყებმა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს. სანტიაგო მუნიესი საფეხბურთო მექაში არსაიდან მოხვდა და 1 სეზონში “ნიუკასლის” გმირად, ბევრისთვის კი კუმირად და მისაბაძ მაგალითად იქცა, მის გზას კი, ნაწილობრივ, მიგელ ალმირონი და "ნიუკასლის" შესანიშნავად მოთამაშე კომპანიაც გადის: 14 მატჩის შემდეგ, "კაჭკაჭებად" წოდებული გუნდი, რომელსაც დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მდიდარი არაბული კონსორციუმი უდგას სათავეში, პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დამაჯერებელ პრეტენზიას აცხადებს, თავად ალმირონი კი, 8 გოლით, ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილს აუვენ ტოუნისთან ერთად იყოფს.