მესისთან დაკავშირებული 5 ნივთი, რომლებიც აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულა
ლიონელ მესიმ, თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, უამრავი ისტორიული მომენტი შექმნა, თუმცა მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ მისი დიდი საფეხბურთო ეპოქა ფინალს უახლოვდება.
გულშემატკივრებისთვის მესის ისტორიასთან შეხების მრავალი გზა არსებობს: ავტოგრაფები, საკოლექციო ბარათები თუ იმ მატჩის ბილეთები, რომელსაც დაესწრნენ. მისი ყველაზე მდიდარი ფანებისთვის ბაზარზე გაყიდულა აბსოლუტურად განსაცვიფრებელი საკოლექციო ნივთებიც, რომლებიც არა მხოლოდ მოთამაშეს, არამედ მთელ ეპოქას განსაზღვრავს.
5. პორტუსთან სადებიუტო ამხანაგური მატჩის ბილეთი - $49 200
2003 წლის 16 ნოემბერს, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე („ესტადიო დრაგაოზე“ მყოფთაგან) რისი მოწმე გახდებოდნენ. მაყურებელთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ უბრალოდ პორტუგალიური გრანდის ახალი სტადიონის გახსნას ესწრებოდა, თუმცა მათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის პირველი ოფიციალური დებიუტი იხილეს.
მესი მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. მოგებული ის ხალხი დარჩა, ვინც ამ უბრალო ამხანაგური თამაშის ბილეთები შეინახა. Collectors Tools-ის მონაცემებით, მესის დებიუტის ბილეთების 229 ეგზემპლარია შემორჩენილი.
4. 2017 წლის „რემონტადას“ მატჩის მაისური - $200 000/$400 000
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი დასამახსოვრებელი მატჩი, როგორიც პსჟ-ს წინააღმდეგ 2017 წლის ცნობილი „რემონტადაა“. პირველ შეხვედრაში 0:4 მარცხის შემდეგ, ბარსელონამ საპასუხო მატჩში 6:1 მოიგო, სადაც მესიმ მეოთხე გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უდიდესი ქამბექი შესრულდა.
მაისური, რომელიც მესის იმ ისტორიულ საღამოს ეცვა, გასულ ზაფხულს Sotheby's-ის აუქციონზე გამოვიდა და $200 000-დან $400 000-მდე ფასად გაიყიდა.
3. პელეს რეკორდის მომხსნელი ბუცები - $169 000
თუ ფეხბურთში რაიმე რეკორდი არსებობს, დიდი შანსია, რომ ის მესის ეკუთვნოდეს. მესიმ მრავალი რეკორდი სწორედ ლეგენდარულ ბრაზილიელს წაართვა, მათ შორის ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობაა. 2020 წლის 22 დეკემბერს, მესიმ ბარსელონას მაისურით 644-ე გოლი გაიტანა და პელეს მიერ სანტოსში დამყარებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
ბუცები, რომლებზეც მესის მეუღლისა და შვილების სახელებია დატანილი, Christie's Online-ის აუქციონზე გაიყიდა მას შემდეგ, რაც თავად ფეხბურთელმა ისინი ბარსელონას საავადმყოფოსთვის თანხების შესაგროვებლად გაიღო.
2. ბარსელონასთან გაფორმებული კონტრაქტი ხელსახოცზე - $964 450
ეს ისტორია ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის. 2000 წელს, ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, 13 წლის არგენტინელი ბიჭუნას კატალონიაში ჩამოყვანის შეთანხმებას მიაღწია. ეს გარიგება სადილის დროს, ჩვეულებრივ ხელსახოცზე შედგა. ეს ხელსახოცი აუქციონზე 2024 წელს გაიყიდა.
1. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები 6 მაისური - $7.8 მილიონი
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესის კარიერის მთავარი და განმსაზღვრელი მწვერვალია. ექვსი მაისურისგან შემდგარი ნაკრები, რომლებიც არგენტინელ ვარსკვლავს ტურნირის განმავლობაში (მათ შორის ფინალში) ეცვა, აუქციონზე ასტრონომიულ ფასად, 7.8 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც სპორტული 'მეხსიერების' ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.