მესი: "ბარსელონადან ისე ვერ წავედი, როგორც ვოცნებობდი"
ლეო მესიმ, რამდენიმე დღის წინ, უცნაური ნაბიჯი გადადგა - ის გვიან ღამით, ბარსელონაში, განახლებულ 'ნოუ კამპზე' მივიდა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ფოტოები გადაიღო. ამ დროს, კლუბის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ვიგოში იმყოფებოდნენ და არაფერი იცოდნენ მესის სტუმრობის შესახებ, ფაქტობრივად, არგენტინელი ლეგენდა სტადიონზე "შეიპარა".
მესის, მომავალ კვირას, გამოცემა SPORT კლუბის ისტორიაში ყველაზე საყვარელ მოთამაშის ჯილდოს გადასცემს, იქამდე კი მასთან ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც მესი აღიარებს, რომ ბარსელონადან წასვლა არასდროს სდომებია.
წასვლის შემდეგ უცნაური გრძნობა დამეუფლა, ყველაფერი ცუდად აეწყო. პანდემიის გამო ბოლო წლები გულშემატკივრების გარეშე ვითამაშე. შემდეგ, არ წავედი ისე, როგორც წარმომედგინა, როგორც ვოცნებობდი და როგორც ვამბობდი. მთელი კარიერის ევროპაში, ბარსელონაში გატარება მინდოდა.
ახლა, მე და ჩემი ცოლი ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ქალაქში უნდა დავბრუნდეთ. ვაწყობთ გეგმებს, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვენს საყვარელ ადგილას მას შემდეგ, რაც კარიერას დავამთავრებ. - განაცხადა მესიმ SPORT-თან ინტერვიუში
ლეო მესი, 2021 წელს, კლუბიდან მოულოდნელად პსჟ-ში გადავიდა (ფინანსური პრობლემების გამო), საფრანგეთში ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადა და კატარში მუნდიალი მოიგო. 2023 წლიდან, მესი MLS-ის ინტერ მაიამიში თამაშობს და კონტრაქტი კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა.