Belive

მძიმე დარტყმა ბარსელონას - კუნდე ელ კლასიკოსა და ინტერთან თამაშს გამოტოვებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

"მონჟუიკზე" საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ. იტალიელებმა მატჩი 30-წამზე გატანილი გოლით გახსნეს, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა, თუმცა სათამაშო უპირატესობა მთლიანად მასპინძელთა მხარეს იყო. კატალონიელებმა ლამინე იამალის ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირეს, რასაც არასრულ 15 წუთში ფერმინ ლოპესის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:2 გახდა. მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს, შესაბამისად ყველაფერი მილანში გადაწყდება.

მატჩის 42-ე წუთზე, "ბარსელონას" ტრავმის გამო, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მცველი - ჟიულ კუნდე გამოაკლდა.

ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი მცველის პირველადი შემოწმებით, მისი ტრავმა მარტივი არ არის, რის გამოც მას მოახლოებული 'ელ კლასიკოსა' და ინტერთან საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევს - 26 წლის მცველს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს.

"ინტერისა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება, 'ელ კლასიკო' კი 11 მაისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები