Belive

მბაპე: ,,არ მითამაშია, რადგან მწვრთნელმა მითხრა, რომ გუნდში მე-4 თავდამსხმელი ვარ''

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ოვიედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმის გამო 2 შეხვედრა გამოტოვა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, 69-ე წუთზე ჩაერთო. კილიანს მოედანზე შესვლისას რეალის გულშემატკივრებმა უსტვინეს.

,,ელ კლასიკოს გამოტოვება ჩემთვის დასანანია. ასეთია ცხოვრება. ხალხის აზრს ვერ შევცვლით. ეს მათი ხედვაა და მე ამას პირადულად არ ვიღებ. ჩემს კარიერაში ყოფილა მომენტები, როცა ჩემთვის უსტვენიათ. ეს საქმისა და ცხოვრების ნაწილია. ხანდახან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ გუნდს ყოველთვის გვერდში უდგანან.

შვებულება იტალიაში? არ იცი (ჟურნალისტს მიმართავს), რა გავაკეთე იტალიაში. არ იცი, შვებულებაში ვიყავი თუ არა, ეს მხოლოდ შენი აზრია. შენ თქვი „შვებულება“, მაგრამ რეალურად არაფერი იცი. ჩემი შეცდომა ისაა, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში ვერ დავეხმარე. ეს არის ყველაზე მთავარი. აქ უპირველესი ტიტულების მოგებაა. აი, ამაში შევცდი მეც და ჩემი ყველა თანაგუნდელიც. დანარჩენი მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია. ხალხმა არ იცის მთლიანი კონტექსტი, თუ რატომ წავედი იქ, მქონდა თუ არა კლუბისგან ნებართვა, რომელიც ნამდვილად მქონდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მხოლოდ გაზეთების გასაყიდად და ხალხში აჟიოტაჟის ასატეხადაა საჭირო. ჩემთვის კი ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ ტიტულების მოგებაა. ჩვენ კი ეს ვერ შევძელით. აი, ამაში ვცდები მეც და მთელი გუნდიც. ეს არის ყველაზე მთავარი.

100%-ით კარგად ვარ. ძირითადში არ მითამაშია, რადგან მწვრთნელმა მითხრა, რომ მასტანტუონოს, ვინისა და გონსალოს შემდეგ, გუნდში მე-4 თავდამსხმელი ვარ. მე მზად ვიყავი ძირითადში სათამაშოდ, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა და მას ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. გაბრაზებული არ ვარ...

სეზონი კარგად დავიწყეთ, ყველაფერი გვქონდა. შემდეგ, მეორე ნახევარში, ყველაფერი დავკარგეთ. ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ყველაფერი ხელიდან გავუშვით. კრიტიკა უნდა მივიღოთ და მომავალ წელს დავბრუნდეთ. ტიტულები ვერ მოვიგეთ. გულდასაწყვეტია, რადგან უკეთესი შედეგის ჩვენების შანსი გვქონდა და ეს სეზონის პირველ ნახევარში დავამტკიცეთ კიდეც.

გუნდიდან წასვლა? აქ ძალიან ბედნიერი ვარ. რატომ უნდა მინდოდეს წასვლა?'' - კილიან მბაპე

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, მბაპეს სიტყვები უარყო: „ალბათ, კარგად ვერ გაიგო. არ ვიცი, რა გითხრათ, მისთვის არ მითქვამს, რომ მეოთხე თავდამსხმელია.''

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე სამეფო კლუბის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 41 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები