Belive

"მარცხს ყველაზე მეტად კვარაცხელია განიცდიდა" - ნეაპოლური გამოცემა გასახდელში არსებულ სიტუაციაზე წერს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

​ნეაპოლური სპორტული გამოცემა areanapoli.it-ი "ნაპოლის" მიერ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში "მილანთან" - 0:4 წაგებას გამოეხმაურა და მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის გასახდელში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. გამოცემის ცნობით, მარცხით ყველაზე იმედგაცრუებული საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

"ის რაც "მილანმა" ნეაპოლში გააკეთა "ნაპოლიმ" დროულად უნდა დაივიწყოს. ეს მარცხი შესაძლოა კარგი გამოდგეს იმ კუთხით, რომ ლუჩიანო სპალეტი აიძულოს ევროპული მატჩებისთვის ცვლილებების გაკეთებაზე იფიქროს.

მაგალითად, კვარაცხელია "ნაპოლის" მწვრთნელის მიერ შემოთავაზებულ სქემაში ცოტათი ჩაკეტილი ჩანდა. კვარაცხელიას უფრო მეტი შესაძლებლობა და მრავალფეროვანი გარემო სჭირდება, ვიდრე მას სპალეტის სათამაშო სქემა სთავაზობს. თუმცა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვიცით, რომ გამბედაობასა და რესურსს არ დაკარგავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე იმედგაცრუებულ ფეხბურთელად ჩანდა. მან მოედანი თავდახრილმა დატოვა და აშკარად განიცდიდა საბოლოო შედეგს.

გასახდელშიც კი დუმდა, დამარცხების გამო სასოწარკვეთილებაში იყო, ზოგიერთმა თანაგუნდელი გაამხნევა, მაგრამ მისი უკმაყოფილება ნამდვილად შესამჩნევი იყო.

გარდა ჩემპიონატში მარცხისა, ქართველს ასევე ძალიან ეტკინა, რომ ნეაპოლში მის სანახავად ჩასულ უამრავ ქართველ გულშემატკივარს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა", - ნათქვამია areanapoli.it-ის სტატიაში.

28 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით “ნაპოლი” სერია A-ს ერთპიროვნულად და უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" "ლეჩეს" წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები