Belive

მარსელო: "ზიდანის წასლა შოკი იყო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრაზილიელმა მცველმა ყოფილ მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა. მარსელოს თქმით, მისთვის ზინედინ ზიდანი უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო, რომლის გამოც იგი ყველაფრის გააკეთებდა. ზიდანთან ერთად ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა ზედიზედ 3-ჯერ შეძლო. 3-წლიანი ტრიუმფის შემდეგ, ზიდანმა კლუბი მოულოდნელად დატოვა. მისი წარმატებით ჩანაცვლება ხულენ ლოპეტეგიმ ვერ შეძლო - წარუმატებელი შედეგების გამო ესპანელი სპეციალისტი მალევე გაათავისუფლეს და "სამეფო კლუბი" სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა. "მე და ზიდანს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და მისი წასლა ნამდვილი შოკი იყო. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, გუნდი ტიტულებს იგებდა და მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცოდით. ის ყოველთვის მიცავდა და ნამდვილი პროფესიონალი იყო. მისთვის თავდაუზოგავად დავრბოდი, ვიბრძოდი და მეტსაც გეტყვით, ტრავმირებულსაც მითამაშია," განაცხადა ბრაზილიელმა. ფაბიო კუენტრაოს წასვლის შემდეგ, სერხიო რეგილონის სახით მარსელოს გუნდში ახალი კონკურენტი ჰყავს, რომელსაც სანტიაგო სოლარი ნდობას ხშირად უცხადებს. თუმცა ბრაზილიელს გუნდში სულ სხვა პრობლემა აქვს - იგი საუბრობს კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე და ასევე, ახსენებს კიკო კასილიას (ამჟამად "ლიდსის" ფეხბურთელს), რომელიც მისთვის ასევე უახლოესი ადამიანი იყო. "რონალდუსთან ერთად 9 წელი ვთამაშობდი და ცხადია, მისი წასვლა დიდი დარტყმა იყო. ასევე, მე ყოველ დილით ველაპარაკებოდი კიკო კასილიას და ახლა გასახდელში ჩემ გვერდით არავინაა. მეორე მხრივ, გუნდშია ბეილი, თუმცა მან ესპანური არ იცის. ამიტომაც, ჩვენ ჟესტების ენით ვსაუბრობთ და მაქსიმუმ ერთმანეთს ვუთხრათ: "გამარჯობა, როგორ ხარ? კარგი ღვინოა!" ამ ყველაფრის მიუხედავად, მარსელო გუნდის დატოვებას არ განიხილავს: "რეალიდან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. მე მჯერა ჩემი თავის და შესაძლებლობების და მხოლოდ მაშინ წავალ, როდესაც ამას გუნდი გადაწყვეტს," განაცხადა "რეალის" ვიცე-კაპიტანმა.

სხვა სტატიები