Belive

მანჩესტერში ზიდანი თამაშობს და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
როდესაც ფეხბურთელი ხარ და შენი სახელი ზიდანია, ეს ავტომატურად, დიდ წნეხში გამყოფებს, რადგან გულშემატკივარი შენგან რაღაც საოცარს ელოდება - როგორ შეიძლება, პერპექტიულ ფეხბურთელად მოაზრებულმა ზიდანმა ცუდი ფეხბურთი ითამაშოს? ვინ იცის, იქნებ მანაც ისევე გაამართლოს გულშემატკივარის იმედები, როგორც ბრაზილიელი რონალდოს ეპოქაში გამოჩენილმა კრიშტიანუ რონალდუმ? ზიდან იქბალი 2003 წელს, ქალაქ მანჩესტერში დაიბადა. ემიგრანტი მშობლები ჰყავს: მამა პაკისტანელია, დედა კი - ერაყელი. 9 წლის იყო, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში ჩაირიცხა და მას შემდეგ, "წითელი ეშმაკების" მაისური არ გაუხდია. 19 წლის ფეხბურთელს, გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ნდობა გამოუცხადა და ძირითად გუნდში, წინასასეზონო მატჩებში ათამაშა. ცუდს ვერაფერს ვიტყვით - "ლივერპულისა" და "მელბურნის" წინააღმდეგ ასპარეზობისას, ზიდანმა ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. ამ თამაშების შედეგად, იქბალმა, რომელმაც ერაყის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში უკვე 2 მატჩი გამართა, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება პირველად მიიპყრო. ჯერჯერობით, მისი სატრანფერო ფასი განსაკუთრებულს არაფერს გვეუბნება - მისი ღირებულება სულ რაღაც €600.000-ს შეადგენს, თუმცა წლების წინ, "მანჩესტერმა" პოლ პოგბა "იუვენტუსში" უფასოდ გაუშვა, შემდეგ €105 მილიონად შეიძინა და ბოლოს, კვლავ უფასოდ გაუშვა. ასე რომ, მსგავსი შეცდომის გამეორების უფლება MU-ს არ აქვს და ჯერჯერობით არავინ იცის, ზიდან იქბალი როგორ ფეხბურთს ითამაშებს. ერთი რამ ფაქტია, რომ ბურთის კონტროლი, მეტოქის მოტყუება და ზუსტი დარტყმები კარგად ეხერხება.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Zidane Iqbal (@z10ane)


ბუნებრივია, წინასასეზონო მატჩებში ზიდანის პერფორმანსი ტენ ჰაგის თვალს არ გამორჩებოდა 👇

ახალი ამბავი არაა, რომ ტენ ჰაგს მოსწონს ის ნახევარმცველები, რომლებიც ბურთს მსუბუქად, თავისუფლად ფლობენ, რომლებიც არც პასს აგვიანებენ, მაგრამ საჭიროების დროს, ინიციატივას საკუთარ თავზეც აიღებებ. ჯერ კიდევ თინეიჯერი ზიდანი მწვრთნელის მოთხოვნებს ბაზისურ დონეზე აკმაყოფილებს და საინტერესოა, მისი გამბედაობა და ახალგაზრდული ენერგია პროფესიონალიზმში რამდენად გადაიზრდება. ისიც სათქმელია, რომ კრისტიან ერიკსენის დამატება, დონი ვან დე ბეეკის დაბრუნება და ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე აქტიური მუშაობა ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსებს ამცირებს, მაგრამ ზიდანს დიდი ამბიციები აქვს, ამას მისი Instagram-ის სახელიც მოწმობს: z10ane. ახალგაზრდა ტალანტს კლუბმა ნდობა უკვე გამოუცხადა - ზიდანს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2025 წლამდე (+1 წლის დამატების პირობით) აკავშირებს. ამასთან, სულ ახლახან, ზიდანის სპონსორი Puma გახდა, ერაყელი ფეხბურთელი კი სპორტული ბრენდის პოპულარიზაციაში თავის წვლილს შეიტანს. ურიგო დასაწყისი არაა. მითუმეტეს კარიერის იმ კლუბში დაწყება, სადაც ერთ დროს, აკადემიიდან დიდ ფეხბურთში დევიდ ბექჰემმა, რაიან გიგზმა, პოლ სქოულზმა და სხვებმა გადაინაცვლეს.

სხვა სტატიები