Belive

"მამარდაშვილის წარმომადგენლები პრემიერ ლიგის კლუბებს ხვდებიან" - ესპანური მედია 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანურ მედიაში საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბარი გრძელდება.

როგორც გამოცემა cope.es-ი წერს, გიორგი მამარდაშვილის წარმომადგენლები ლონდონში, "ჩელსისთან" მოლაპარაკებების გამართვის მიზნით იმყოფებოდნენ. ამავე დროს, ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ორ კლუბს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" აქვს. რაც შეეხება ტრანსფერის თანხას, "ვალენსიას" მიზანი 100 მილიონი ევროს მიღებაა.

გამოცემა ასევე წერს იმის შესახებ, რომ მათ მიერ მოპოვებული ცნობებით, "ლურჯებს" განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისასვე დაიმატონ.

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი მამარდაშვილის დამატებას ამსტერდამის "აიაქსიც" ცდილობდა, რომელსაც აღნიშნული ტრანსფერისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა სურდა, თუმცა ეს სისრულეში არ მოვიდა.

გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 36 გოლი გაშვებული, შვიდ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები