Belive

მამარდაშვილი: ,,ორმაგად მოტივირებული ვარ, რათა ახალი სეზონი წინაზე გაცილებით უკეთესი იყოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ მარკასთან ისაუბრა:
,,თავს კარგად ვგრძნობ და მომავალი სეზონისთვის ვემზადები, ორმაგად მოტივირებული ვარ, რათა ახალი სეზონი წინაზე გაცილებით უკეთესი იყოს. "ვალენსიაში" დიდი გამოცდილება მივიღე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მომავალში გამოვიყენო. ესპანეთის ჩემპიონატში, "ვალენსიას" ფეხბურთელის ამპლუაში, პირველი ნაბიჯები ძალიან ემოციური იყო. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალ სეზონში ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო და გუნდთან ერთად ევროტურნირის საგზური მოვიპოვო. საქართველოდან წამოსვლა და ლა ლიგაში მოხვედრა დიდი შრომისა და, გარკვეულწილად, იღბლის დამსახურებაა. ახლა პირველ გუნდში ვთამაშობ და მზად ვარ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. ოთხი თვის სათადარიგოთა სკამზე გატარება მარტივი არ ყოფილა, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავე. ლა ლიგა, რა თქმა უნდა, რთული ჩემპიონატია. თუმცა, მას შემდეგ, რაც რეგულარულად თამაში დავიწყე, უფრო თავდაჯერებული გავხდი და საქმე უფრო და უფრო გამიმარტივდა. გასულ სეზონში კარგი მატჩები ჩავატარე, ბევრი ფიქრობს, რომ კარგი სეზონი მქონდა.''

მამარდაშვილის თქმით, ფეხბურთელები, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, კარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და პედრი არიან. ქართველმა მეკარემ, ასევე, კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ჯენარო გატუზოზე ისაუბრა:
,,მინდა, რომ "ვალენსიაში" ცხოვრება გავაგრძელო, დიდებულ გუნდში ვარ, დიდებულ ქალაქში, მშვენიერ ხალხთან ერთად. გატუზოს სამომავლო გეგმებზე ველაპარაკე. ვიცი, რომ ძალიან ემოციურია, უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში და დაცვიდან შეტევაში მოკლე პასებით გადასვლა. როცა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, დამირეკა და მომავალ სეზონზე ვისაუბრეთ. მისმა ზარმა ძალიან გამახარა.''
მამარდაშვილმა გასულ სეზონში, "ვალენსიას" მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა – 21 წლის მეკარემ 22 გოლი გაუშვა, 9-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. "ღამურებმა'" ესპანეთის ჩემპიონატი მე-9 პოზიციაზე დაასრულეს. გუნდს ტიტულის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა კოპა დელ რეის ფინალში, "ბილბაოსთან" დამარცხდა.

სხვა სტატიები