Belive

მალაიზიამ ფინალში გასვლა აღნიშნა, მაგრამ ინდონეზიის ნაკრებმა სასწაული მოახდინა

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მალაიზიის ეროვნულმა ნაკრებმა FIFA ASEAN-ის თასის ფინალში გასვლა ნაადრევად იზეიმა მას შემდეგ, რაც სინგაპურთან დამაჯერებელი ანგარიშით, 6:0 იმარჯვა. მათ ამ მატჩის დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდათ.

A ჯგუფის ბოლო ტურის ჩატარებამდე, მალაიზიასა და ინდონეზიას თანაბარი ქულები ჰქონდათ. შესაბამისად, ფინალში გამსვლელის ვინაობას ბურთების სხვაობა წყვეტდა. მატჩამდე ინდონეზიას ბურთების სხვაობაში +2 უპირატესობა ჰქონდა, ხოლო მალაიზიას - +3.

როგორც ინდონეზიამ (ბანგლადეშთან), ისე მალაიზიამ, სწრაფი გოლები გაიტანეს - 26-ე წუთისთვის ორივე გუნდი 2:0-ს იგებდა. ამ შედეგით მალაიზიის ნაკრები დროებით A ჯგუფის სათავეში მოექცა. თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ინდონეზიამ ნამდვილი შოუ მოაწყო, მათ კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს და ბანგლადეშისგან მხოლოდ ერთი გაუშვეს. ამ შედეგით, გატანილი გოლების უკეთესი მაჩვენებლის წყალობით, სატურნირო ცხრილის სათავეში უკვე ინდონეზიამ გადაინაცვლა.

დიდი დრამა დამატებით დროში დატრიალდა, სადაც დაუჯერებელი სცენების მოწმეები გავხდით: მალაიზიამ ბოლო 17 წუთში 3 გოლი გაიტანა, რითაც, თითქოს, ფინალში გასვლა გაინაღდა, თუმცა 96-ე და 97-ე წუთებზე ინდონეზიამ მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო და საბოლოოდ 9:2 მოიგო, რითაც ფინალში გავიდა.

მალაიზიამ FIFA-ს სთხოვა განმარტოს, რატომ შეიცვალა ინდონეზიისა და ბანგლადეშის მატჩში დამატებული დრო:

ინდონეზიისა და ბანგლადეშის მატჩში მეოთხე მსაჯმა ელექტრონული ტაბლო აღმართა და ორი წუთის დამატება ანიშნა, რამაც ინდონეზიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და გუნდის პროტესტი გამოიწვია. სწორედ ამ მომენტში ბანგლადეშმა გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 2:7-მდე შეამცირა. ამის შემდეგ არბიტრმა ტაბლო მეორედ აღმართა და დამატებული დრო 7 წუთამდე გაზარდა. სწორედ ამ 7 წუთში გაიტანა ინდონეზიამ გადამწყვეტი გოლები.

საბოლოოდ, FIFA ASEAN-ის თასის ფინალში ინდონეზიის ნაკრები გავიდა, სადაც ტაილანდს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა ორშაბათს, 5 ოქტომბერს გაიმართება.