მადრიდის ატლეტიკომ ჯონათან დევიდის იჯარაზე იუვენტუსთან შეთანხმებას მიაღწია
მადრიდის „ატლეტიკომ“ „იუვენტუსთან“ კანადელი თავდამსხმელის, ჯონათან დევიდის, იჯარით აყვანაზე შეთანხმებას მიაღწია, ამის შესახებ რამდენიმე გამოცემა წერს.
გარიგების შესახებ პირველად Marca-ს ჟურნალისტმა დიეგო პიკომ გაავრცელა ინფორმაცია. გამოსყიდვა სავალდებულო არ იქნება - ანუ ის არ არის დამოკიდებული ფეხბურთელის მიერ გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარებაზე ან სხვა კონკრეტული პირობების შესრულებაზე.
გარდა ამისა, „იუვენტუსი“ დევიდის 11 მილიონი ევროს მთლიანი წლიური ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს თავად გადაიხდის. ჯონათან დევიდი იჯარით მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა, გამოსყიდვის ოფცია კი 25 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
🚨🔴⚪️ BREAKING: Jonathan David to Atlético Madrid, here we go! Verbal agreement done with Juventus.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 31, 2026
Initial loan deal with buy option clause for the Canadian striker who’s set to join Atléti as exclusively revealed last week.
Atléti will cover more than 50% of the salary. pic.twitter.com/6h9G99uuR3
26 წლის ჯონათან დევიდი „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს „ლილიდან“ გადავიდა. საფრანგეთში გატარებული ხუთი სეზონის განმავლობაში კანადელმა თავდამსხმელმა თავი ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფორვარდად წარმოაჩინა. „ლილთან“ ერთად დევიდმა 2021 წელს ლიგა 1-ის ჩემპიონობა მოიგო, საერთო ჯამში კი კლუბის მაისურით ჩატარებულ 232 მატჩში 109 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი ბოლო სამი სეზონი იყო - 135 შეხვედრაში 77 გოლი.„იუვენტუსში“ კანადელის კარიერა მოსალოდნელისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. გასულ სეზონში დევიდმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლის გატანა მოახერხა.
„ატლეტიკოსთვის“ დევიდი საინტერესო ვარიანტია, რადგან მადრიდელები მასში ხედავენ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერის რთული პერიოდის შემდეგ ფორმის დაბრუნება შეუძლია. ამასთან, ტრანსფერის ფინანსური მხარე კლუბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ატლეტიკოს“ 2026/27 წლების სეზონშიც მოუწევს ხოსემა ხიმენესისა და ტომას ლემარის ხელფასების გადახდა. Marca-ს ცნობით, არც ერთი მათგანი ამ ზაფხულს კლუბის დატოვებას არ აპირებს, რის გამოც მადრიდელებს მათზე დაახლოებით 10 მილიონი ევროს მთლიანი სახელფასო ხარჯი ექნებათ.
თუ ხულიან ალვარესი „ატლეტიკოში“ დარჩება, სიმეონეს ეყოლება ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რთული სიტუაციებიდან მომენტის შექმნა და გოლის გატანა, ხოლო დევიდს უფრო მეტად შეეძლება საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება, იქნება ეს სისწრაფე, მოძრაობა, კომბინაციები თუ სივრცეების ათვისება.
სწორედ ამიტომ, „ატლეტიკო“ დევიდის ტრანსფერს განიხილავს როგორც შედარებით დაბალრისკიან შესაძლებლობას: მადრიდელებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი პოტენციალის მქონე თავდამსხმელი, რომელიც „იუვენტუსში“ ჩავარდნილი სეზონის შემდეგ საკუთარი საუკეთესო ფორმის დაბრუნებას შეეცდება.