Belive

"მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის" - ლოპეტეგიმ გათავისუფლების შემდეგ განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის "ბარსელონასთან" გამანადგურებეილ ანგარიშით (5:1) დამარცხების შემდეგ "რეალის" ხელმძღვანელობამ ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა. მადრიდის "რეალმა" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ლოპეტეგიმ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა: "რეალის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხულენ ლოპეტეგის კონტრაქტი უწყდება. გადაწყვეტილება გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებას ისახავს მიზნად და გუნდს დასახული მიზნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "რეალის" 8 ფეხბურთელი "ოქროს ბურთზეა ნომინირებული, დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, გუნდის ძირითად შემადგენლობასა და თამაშის ხარისხს შორის ძალიან დიდი კონტრასტია", - აღნიშნულია განცხადებაში. მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ხულენ ლოპეტეგიმ ხელმძღვანელობის გაკრიტიკების ნაცვლად, გუნდს მადლობა გადაუხადა: "დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო მოცემული შესაძლებლობისთვის. მადლობა ფეხბურთელებს მონდომებისთვის და მადლობა გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობდით", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგის ნაცვლად, გუნდს დროებით სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს. სოლარი 2000-2005 წლებში "რეალში" თამაშობდა, ხოლო ბოლო პერიოდში კი "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2018 წლის ზაფხულში, ხულენ ლოპეტეგის მიერ მიღებულმა უკიდურესად მცდარმა გადაწყვეტილებამ ერთდროულად რამდენიმე მხარე დააზარალა:
  1. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, "რეალთან" ფარული შეთანხმების გამო ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მის შემცვლელად "რეალის" ლეგენდა, ფერნანდო იერო დაინიშნა, რომელმაც მცირე დროში გუნდის სათანადოდ მობილიზება ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრები ტურნირს რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, იერო მწვავედ არავის გაუკრიტიკებია, რადგან ესპანეთის მარცხის მთავარი მიზეზი ლოპეტეგის არჩევანი და აღნიშნულთან დაკავშირებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება იყო.
  2. მადრიდის "რეალმა" მთავარ მეტოქესთან, კატალონიის "ბარსელონასთან" მორიგი სამარცხვინო მატჩი გამართა (5:1). ფეხბურთის გულშემაკტივრებს კარგად ახსოვთ რეალის რამდენიმე "შავი ლაქა" (6:2, 5:0, 4:0), რასაც კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა დაემატა. ცხადია, რომ გუნდი, რომელშიც ოქროს ბურთზე ნომინირებული 8 ფეხბურთელი თამაშობს, რომელმაც თითქმის უცვლელი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, პრინციპულ მეტოქესთან 4-ბურთიანი სხვაობით არ უნდა აგებდეს.
  3. დაბოლოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად ხულენ ლოპეტეგის კარიერა: ესპანელი სპეციალისტის კარიერა ძალიან კარგად ვითარდებოდა, მან "პორტოში" მოღვაწეობის შემდეგ ესპანეთის ნაკრები ჩაიბარა და შესანიშნავი, დაბალანსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. ლოპეტეგიმ ვერც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ვერც "რეალში" გაამართლა და მისი საბედისწერო ნაბიჯიდან გამომდინარე, შესაძლოა უმაღლესი დონის გუნდი მომავალში ვეღარც ჩაიბაროს.
 

სხვა სტატიები