ლუსიო მეორე ხარისხის დამწვრობით რეანიმაციაში გადაიყვანეს
ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი, 'სელესაოს' ყოფილი ვარსკვლავი, ლუსიო, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მის სახლში ხანძარი გაჩნდა, მან კი სხეულის მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
სამედიცინო წყაროებმა დაადასტურეს, რომ 47 წლის ლუსიო გონზეა და საჭირო სამედიცინო დახმარებას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იღებს - სამედიცინო ჯგუფის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრაზილიელმა სხეულის 18%-იანი დამწვრობა მიიღო, ინციდენტი მის სახლში, ეკოლოგიურ ბუხართან მოხდა. დიდი ალბათობით, ბუხარი აფეთქდა.
სოციალურ მედიაში ლუსიოს ოჯახმა გულშემატკივრები და მხარდამჭერები დაამშვიდა და ხაზი გაუსვა, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს და მდგომარეობა დადებითად უმჯობესდება. მათ მადლიერება გამოთქვეს ამ რთულ პერიოდში გამოვლენილი სიყვარულის, ლოცვებისა და მხარდამჭერი შეტყობინებებისთვის.
ლუსიო მსოფლიო ჩემპიონია ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 2010 წელს კი ინტერის შემადგენლობაში ტრებლი ( 3 ძირითადი საკლუბო ტურნირი) მოიგო.