Belive

ლუიშ ნანი: "რონალდუს ყავაზე ვეპატიჟებოდი, მაგრამ დარბაზში მიდიოდა და უარს მეუბნებოდა"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელმა ლეგენდამ - კრიშტიანუ რონალდუმ, ხუთშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება. „პორტუგალია ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება“, - ვკითხულობთ კრიშტიანუს განცხადებაში.

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ნანი, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს, ვარჯიშის შემდეგ, მასთან ყავის დალევა სურდა, მაგრამ 5 ოქროს ბურთის მფლობელი დარბაზში ვარჯიშს ამჯობინებდა.

"ვარჯიშების შემდეგ ხშირად რაღაცას ვგეგმავდით. ვეუბნებოდი: "მოდი, სადილის მერე ყავა დავლიოთ, კაფეში შევივლით და ცოტას მოვდუნდებით.

ის მპასუხობდა: "კი, კი, კი, დღეს წავიდეთ". მაგრამ როცა დრო მოდიოდა და ვწერდი, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მხვდებოდა. მერე მეტყოდა: "მომისმინე, რაღაც მაქვს მოსაგვარებელი, მოდი, ხვალ იყოს". მეორე დღეს ისევ ვკითხულობდი, ის კი პასუხობდა: "არა, დღესაც უნდა მოვრჩე საქმეს, დღესაც ვერ შევძლებ".

ორი ასეთი შემთხვევის შემდეგ ფიქრი დავიწყე: "რა ხდება? რატომ არ უნდა ჩემთან ერთად ყავაზე წასვლა? რა არის პრობლემა?".

მაგრამ მოგვიანებით გავარკვიე, რომ საღამოობით ის აღდგენით პროცედურებს ატარებდა და დამატებით ვარჯიშობდა. როგორც კი ამას მივხვდი, ვიფიქრე: "გასაგებია, გამოდის, დროს ფუჭად ვკარგავ. რატომ უნდა წახვიდე სადმე ყავის დასალევად, როცა ამის გაკეთება სავარჯიშო ბაზის სასადილოშიც შეიძლება? საღამოობით დავიწყე გაჭიმვები, ცურვა და ტრენაჟორების დარბაზში სიარული. დავიწყე სწავლა იმისა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი პროფესიონალიზმი.

ეს შემდეგში ძალიან დამეხმარა და სავსებით ლოგიკურია, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. ის უკვე 41 წლისაა და ახლაც აგრძელებს იმავეს. შეხედეთ მის ფიზიკურ ფორმას: უბრალოდ წარმოუდგენელია. იმ დროიდან მოყოლებული, მისთვის მიბაძვა დავიწყე და ზუსტად ამის წყალობით ბევრი რამ ვისწავლე", - ამბობს ლუიშ ნანი.

სხვა სტატიები