Belive

ლუიშ ფიგუ: "თუ ასე გაგრძელდება, ლა ლიგის გამარჯვებულის ბედი ძალიან მალევე გადაწყდება"

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის რეალის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, ლუიშ ფიგუმ, „სამეფო კლუბისთვის“ სეზონის მძიმე სტარტის ფონზე სიმართლე აღიარა. პორტუგალიელმა ლეგენდამ, რომელმაც თავის დროზე ბარსელონადან მადრიდში სკანდალური ტრანსფერით გადავიდა, კატალონიელთა ბრწყინვალე ფორმა შეაფასა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ლა ლიგის ჩემპიონის ბედი მაისამდე ბევრად ადრე გადაწყდება. რეალი ლიდერს უკვე 6 ქულით ჩამორჩება, რამაც მადრიდულ ბანაკში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

რადიო 'Marca'-სთან ინტერვიუში UEFA-ს მოქმედმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ ბარსელონას მიერ ასპროცენტიანი შედეგით (21-დან 21 ქულა) და გატანილი 31 გოლით დაწყებული სეზონი შთამბეჭდავია.

'მათ სტარტი ძალიან ძლიერად აიღეს. იგებენ, კარგად თამაშობენ და ბევრი გოლი გააქვთ. ესპანური ფეხბურთისთვის ეს, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, სეზონი ძალიან გრძელია და უნდა დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

დარწმუნებული ვარ, „რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს. ეს არის ტურნირი, რომელიც მაისამდე სტაბილურობას მოითხოვს. ჩავარდნები ყველას ექნება და ასეთ დროს გუნდმა სიმწიფე უნდა გამოავლინოს.

ჯერჯერობით ბარსელონა უკეთესია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოს უკეთესი რეალი იქნება."

- ლუიშ ფიგუ

ინტერვიუს დასასრულს, 2000 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა განაცხადა, რომ მომავალ დაჯილდოებაზე პროგნოზებისგან თავშეკავებას ამჯობინებს, რადგან თავად ხმის მიცემის პროცესში არ მონაწილეობს. თუმცა, ფიგუმ განსაკუთრებით გამოყო კილიან მბაპე.

„ის ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობს. მბაპემ უკვე მიგვაჩვია იმას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და გოლები სტაბილურად გააქვს - ამიტომ მგონია, რომ ოქროს ბურთს ის იმსახურებს და მოიგებს კიდეც..." - ლუიშ ფიგუ

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანსფერის მთავარი გმირია. 2000 წელს ბარსელონას კაპიტანმა მოულოდნელად პრინციპულ მეტოქე რეალ მადრიდში გადასვლა არჩია, რამაც კატალონიელი ქომაგების უდიდესი რისხვა გამოიწვია. „კამპ ნოუზე“ დაბრუნებისას მას ფანები ჯოჯოხეთურ ატმოსფეროს უწყობდნენ, უსტვენდნენ, საგნებს ესროდნენ, ხოლო კუთხურის ჩასაწოდებლად მიახლოებულ პორტუგალიელს მოედანზე ღორის მოჭრილი თავიც კი ესროლეს.

ბარსელონას გულშემატკივრები მას დღემდე მთავარ მოღალატედ მიიჩნევენ, თუმცა თავად ფიგუსთვის ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა - სწორედ „სამეფო კლუბის“ მაისურით მოიპოვა მან „ოქროს ბურთი“ და ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

სხვა სტატიები