ლუის ენრიკე: 'სეზონის ბოლო თამაშის მოგება მნიშვნელოვანია'
ერთთვიანი მარათონი დასასრულს მიუახლოვდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, ლუის ენრიკეს პსჟ ენცო მარესკას ჩელსის დაუპირისპირდება. მატჩის წინ პსჟ დიდ ფავორიტად ითვლება, რადგან გუნდმა ზღაპრული სეზონი ჩაატარა და სისუსტეები არც ამ ტურნირზე გამოუვლენია. ფინალის წინ ლუის ენრიკემ მედიასთან ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სეზონის ბოლო თამაშს ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ.
ჩემი მოთამაშეების მხრიდან ეს წარმოუდგენელი იყო, ისინი მთელი წლის განმავლობაში დაუჯერებლად თამაშობდნენ. ჩვენ ისტორია შევქმენით და გვსურს გავაგრძელოთ.
მე მთავარი ვარსკვლავი არც ფეხბურთელობისას ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. ჩემს გუნდში 11 ვარსკვლავია, უფრო მეტიც... 12, 13, 14, 15. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ 1 ვარსკვლავი.
უფრო მოტივირებული ვარ, როდესაც მაკრიტიკებენ, ვიდრე მაშინ, როდესაც მაქებენ. მე ჩემი სამსახურით ვტკბები და საოცარია, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, რადგან სამსახური საშუალებას მაძლევს, ამდენი ადამიანი გავახარო.
რაც შეეხება იმას, რომ ეს ჩემი საუკეთესო სეზონია, შეიძლება ასეცაა, მაგრამ კვირას გამარჯვება გვჭირდება დასასრულებლად.
ჩელსიმ კონფერენს ლიგა მოიგო. ისინი ვითარდებიან და ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მწვრთნელი შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მე ძალიან მომწონს ენცო მარესკა და ის ფეხბურთი, რომელსაც ის თამაშობს.
ეს ადვილი მატჩი არ იქნება. ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, 100 პროცენტით დავიხარჯოთ და გამორჩეული სეზონი დავასრულოთ.
- განაცხადა ლუის ენრიკემ
პსჟ ძალიან მძლავრად გამოიყურება. ფრანგებმა, პლეი ოფიდან მოყოლებული, ინტერ მაიამი (4:0), მიუნხენის ბაიერნი (2:0) და რეალ მადრიდი (4:0) გააგდეს. საერთოდ, ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს ბოტაფოგოსგან (ჯგუფში/ 0:1), დანარჩენი 5 შეხვედრა კი მშრალზე მოიგეს.
ჩელსიმ პლეი ოფიდან ბენფიკა, პალმეირასი და ფლუმინენსე გამოთიშა. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს ჯგუფშიც ჰყავდათ ერთი ბრაზილიური გუნდი, ფლამენგოსთან ჩელსი (1:3) დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.
საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული გუნდი, 4 წლის განმავლობაში, ფორმაზე ამ ტიტულის აღმნიშვნელ ვარსკვლავს ატარებს.