ლოპეტეგი: "მუნდიალზე დიდი მიზნები გვაქვს - საუკეთესო 8 გუნდში გვსურს თამაში"
ესპანეთის ნაკრებიდან სკანდალური გაძევებიდან 8 წლის შემდეგ, ხულენ ლოპეტეგი დიდ სცენაზე ბრუნდება, ამჯერად, კატარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.
როდესაც კატარის ნაკრების თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში დაეშვა, ბორტზე აპლოდისმენტები გაისმა. ამ 26 ფეხბურთელისთვის ეს მეორე მუნდიალია, მათი მწვრთნელისთვის კი მესამე. თუმცა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა: ის მოედანზე გასვლას შეძლებს.
„ფეხბურთს ჩემი არაფერი მართებდა, მაგრამ მე თავად მმართებდა საკუთარი თავისთვის ამ მომენტის ჩუქება. ერთი წლის წინ დოჰას შემოთავაზებაზე დათანხმების ბევრი მიზეზი მქონდა, თუმცა, მთავარი ფაქტორი მსოფლიო ჩემპიონატი იყო.
ერთი და მთავარი რაც არის, ის ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი ტურისტის განწყობა არ უნდა მოირგო, თუ მიდიხარ მუნდიალზე უნდა წახვიდე დიდი მიზნებისთვის და მეც აქ კატართან ერთად ამისთვის ვარ. ვფიქრობ სულელობაა, როდესაც ნაკრებთან ერთად ამხელა ტურნირზე არაფერს გეგმავ.
ჩვენი დიდი სურვილი და მიზანი, 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაა..." - ხულენ ლოპეტეგი
ლოპეტეგისა და მუნდიალების ისტორია დრამატული და პარადოქსულია - აშშ 1994 (მეკარის ამპლუაში) - ნაკრებში მესამე მეკარედ წავიდა. ხერხემლის თიაქარის გამო თამაში ფიზიკურად არ შეეძლო, თუმცა ლეგენდარულმა ხავიერ კლემენტემ მაინც წაიყვანა. ლოპეტეგის ერთი წუთიც არ უთამაშია.
რუსეთი 2018 (მწვრთნელის ამპლუაში): ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე 2-წლიანი წაუგებელი სერიით მიიყვანა, თუმცა, ტურნირის დაწყებამდე ზუსტად 24 საათით ადრე ფედერაციამ პოსტიდან გაათავისუფლა, რადგან გაირკვა, რომ ჩემპიონატის შემდეგ მადრიდის რეალს ჩაიბარებდა.
და აი, 8 წლის შემდეგ ის ამერიკაშია. მართალია, კატარი ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნევა, რომლის სამზადისსაც ბევრი პრობლემა ახლდა, თუმცა ბასკი სპეციალისტი დანებებას არ აპირებს. ის მზადაა, ბედისწერას აჯობოს და მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი ოფიციალური მატჩი გამართოს.
2022 წლის მუნდიალის მასპინძლები, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში გამოვლენ, სადაც შვეიცარიას, კანადასა და ბოსნიას დაუპირისპირდებიან.