"ლივერპულის ემბლემის ტარება ახდენილი ოცნებაა" - მამარდას პირველი ინტერვიუ
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილის არაოფიციალური დებიუტი ლივერპულში შედგა. პრე-სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში ლივერპულმა პრესტონს 1:3 მოუგო. გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლი არ გაუშვია. არნე სლოტმა მეორე ტაიმში თითქმის მთელი გუნდი შეცვალა და მათ შორის მამარდაც. საქართველოს ნაკრების მეკარემ, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
ბედნიერი და ძალიან აღელვებული ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემთვის უდიდესი მომენტია, რადგან ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც ლივერპულია, ჩემთვის მხოლოდ ტრანსფერი არ არის, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. მოტივირებული და ამაყი ვარ.
როდესაც გასულ ზაფხულს ლივერპულის შეთავაზებას დავთანხმდი, ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი იწყებოდა. მაგრამ ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს ლივერპულის ფეხბურთელობა.
როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, კლუბისთვის ძალიან რთული მომენტი იყო. აქ ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს და ვხედავ, რომ აქ დიდი ოჯახივითაა. ჩვენ მხოლოდ გუნდი არ ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ.
დიოგუ ჟოტასთან ერთად თამაშის შანსი არ მქონია, მაგრამ ევრო 2024-ზე მის წინააღმდეგ ვითამაშე - დავინახე, რამდენად საოცარი მოთამაშე იყო. ვნახე ისტორიები, შეტყობინებები და სიყვარული მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან. ვხედავ, რამდენად საოცარი ადამიანი იყო ის მოედნის გარეთაც.
ძალიან ვამაყობ, რომ ლივერპულის პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ასევე ქართველი ხალხისთვის.
არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც ლივერპულთან კონტრაქტი გავაფორმე. უამრავი შეტყობინება მივიღე და ყველა ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული იყო.
ჩემი მოგზაურობა საქართველოში, პატარა მოედნებზე დაიწყო. სამი წელი ვთამაშობდი პირველ ლიგაში და ნელ-ნელა ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი. 20 წლის ასაკში ესპანეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და იქ დავიწყე ჩემი სრულიად ახალი ცხოვრება ახალ ენაზე, ახალ კულტურასა და ხალხთან ერთად. პირველი წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო.
ვალენსიამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. არც ესპანურად და არც ინგლისურად არ ვლაპარაკობდი და, როგორც გითხარით, იქ პირველი წელი ძალიან რთული იყო. შემდეგ სწრაფად მივხვდი, რომ თუ თამაში მინდოდა, უნდა მესწავლა, ყოველდღე მემუშავა საკუთარ თავზე - ახლა აქ ვარ, პრემიერლიგის ისტორიის უდიდეს კლუბში.
ოჩოტორენა (მეკარეების მწვრტნელი ვალენსიაში) საოცარი ადამიანი და საოცარი მწვრთნელია. სინამდვილეში, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ლივერპულის შეთავაზებაზე ვისაუბრე და პირდაპირ მითხრა: „უბრალოდ კონტრაქტს მოაწერე ხელი“, რადგან იცის, რამდენად დიდი კლუბია ლივერპული და უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო. ყველაფრისთვის მადლობა და მალე შევხვდებით, ოჩოტორენა.
ბავშვობაში YouTube-ზე ყოველთვის ვუყურებდი მეკარეების ვიდეოებს და მახსოვს ლივერპულის რამდენიმე მეკარე. მახსოვს იეჟი დუდეკი, შემდეგ პეპე რეინა და ახლა ალისონ ბეკერი. ლივერპულს მეკარეების დიდი მემკვიდრეობა აქვს და მინდა ვცადო, ჩემი თავი დავწერო ამ მეკარეების მემკვიდრეობაში.
რა შემიძლია გითხრათ ალისონის შესახებ? ის ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მე ძალიან მიხარია მასთან მუშაობა. აქ იმისთვის ვარ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო.
არ მიყვარს საკუთარ თავზე ზედმეტად საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მშვიდი, კონცენტრირებული და სწრაფი მეკარე ვარ.
როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, შევხვდი არნე სლოტს და ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ვიმუშავებ.
ვიცი, რა პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ მაისურის ტარებას. ეს ლოგო ძალიან ბევრს ნიშნავს უამრავი ადამიანისთვის. აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ყოველ ვარჯიშზე, ყოველ მატჩში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, გუნდს დავეხმარო და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა დავიმსახურო. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულად. 'გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა ქართველ გულშემატკივარს. ვამაყობ, რომ ამ დიდებულ კლუბში საქართველოს წარმოვადგენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ კიდევ უფრო იამაყოთ'. - გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუ ლივერპულში